სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაჯვარედინია, რომელიც ევროპას, კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს, ხოლო მისი სტრატეგიული მნიშვნელობა მუდმივად იზრდება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გვსურს, კავშირების გაძლიერების გზით ხელი შევუწყოთ მშვიდობას. ევროკავშირის Global Gateway-ის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების განვითარებისთვის 200 მილიონ ევრომდე გრანტს გამოვყოფთ, რაც, თავის მხრივ, 2 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიციის მობილიზების შესაძლებლობას შექმნის", - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიანმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, წარიმართება მაღალი დონის დიალოგი დაკავშირებადობის საკითხებზე, რომელიც მოიცავს ტრანსპორტს, ენერგეტიკასა და ციფრულ კავშირებს.
"სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაჯვარედინია, რომელიც ევროპას, კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა მუდმივად იზრდება.
შევქმნით მაღალი დონის დიალოგს დაკავშირებადობის საკითხებზე, რომელიც მოიცავს ტრანსპორტს, ენერგეტიკასა და ციფრულ კავშირებს. ასევე ვიმუშავებთ რეგიონული დაკავშირებადობის საინვესტიციო კონფერენციის ორგანიზებაზე, სასურველია სწორედ აქ, ბაქოში, რათა ერთად შევკრიბოთ ევროპა, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია", - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიანმა.
მან მშვიდობიანი კავკასიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"მოდით, ერთად ვიმუშაოთ მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიისთვის; სამხრეთ კავკასიისთვის, რომელიც ევროპასთან, კასპიის რეგიონთან და ცენტრალურ აზიასთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული; და ჩვენს შორის კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორობისთვის", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე