გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება დაუმძიმდა – პროკურატურამ მას ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარუდგინა ბრალი, რასაც გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე "სწორ გადაწყვეტილებად" აფასებს.
"საქმეში არსებულ უხვ, მყარ, პირდაპირ და ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პროკურატურამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გიორგი მერაბის-ძე მალანიას დაუმძიმა ბრალი.
ამჟამად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტი (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა ბრალად.
რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერს სოციალურ ქსელში ეკა კუპატაძე.
გიორგი მალანია 1 ივლისს დააკავეს. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ მას ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა.
დღეს კი პროკურატურამ გიორგი მალანიას ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე წარუდგინა.