თინა ბოკუჩავა ზუსტად ორი წელი არ ამხელდა რეალურ მიზეზს, თუ რატომ ჩაანაცვლებინეს თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილი.
სააკაშვილს მადლობას დღეს აღარ უხდის, რადგან სწორედ მისმა დაანონსებულმა შიდა რევოლუციამ ახადა ფარდა სიმართლეს, რომ ლევან ხაბეიშვილი არა ჯანმრთელობის მდგომარეობის, არამედ კონკრეტული ჯგუფების ანტიპათიის გამო შეიცვალა. თინა ბოკუჩავამ ეს მხოლოდ ახლა აღიარა, როცა ლიდერმა შემცვლელი მასაც გამოუძებნა ნანუკა ჟორჟოლიანის სახით. "ნაციონალური მოძრაობის" ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ დაგვიანებული ბოდიში ამომრჩეველსა და საზოგადოებას, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ატყუებდა, მხოლოდ გუშინ მოუხადა - რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე თანამდებობას ფორმალურადაც დატოვებს.
გულწრფელი მაშინ არავინ ყოფილა. თავად ხაბეიშვილმაც მოიტყუა.
ექიმის რეკომენდაციაში მიხეილ სააკაშვილის მკაცრი დირექტივა იგულისხმა, რომელიც მან "ვივამედიდან" გასცა. პოსტი ბოკუჩავას მორჩილად გადააბარა, თუმცა საჯაროდ შეფუთული ამ სიცრუის მხილება ორი წლის შემდეგ ისევ სააკაშვილმა დაიწყო. რუსთავის ციხეში მყოფმა მსჯავრდებულმა რამდენიმე დღის წინ თავადვე აღიარა, რომ ხაბეიშვილი ე.წ. სვეცკი ბაბლის მოსაწონად, ინგლისურის არცოდნის გამო გადააყენა და ის უცხო ენის მცოდნე თინა ბოკუჩავათი შეცვალა.
ლევან ხაბეიშვილის მეგობრები დღეს უკვე იძულებული გახდნენ, ეთქვათ სიმართლე, თუმცა ვერ ახსნეს, რატომ ატყუებდა პარტია ორი წლის განმავლობაში საკუთარ მხარდამჭერებს. თინა ბოკუჩავას აღიარების შემდეგ ამტკიცებენ, რომ მისგან განსხვავებით, ხაბეიშვილი გულწრფელი იყო და ცდილობდა საზოგადოებისთვის მიენიშნებინა, რა იყო საკადრო გადაწყვეტილების ნამდვილი მიზეზი.
თინა ბოკუჩავას, რომელმაც გულწრფელობა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, პარტიის მოახლოებულ ყრილობამდე გადაწყვიტა, მიხეილ სააკაშვილი დღეს აღარ უხსენებია. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ახალ გზავნილში მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა და დაწერა, რომ ხაბეიშვილი სახალხო ლიდერია.
ორწლიანი ტყუილის გამოაშკარავების ფონზე "ნაციონალური მოძრაობის" როგორც ახალი, ისე ძველი შემადგენლობა დუმს. ვინ როდის გამოაჩენს რეალურ სახეს, რომელსაც ოპოზიციაში ყველა საკუთარი პერსონალური საჭიროებისთვის იყენებს, ამას, მმართველი პარტიის შეფასებით, დრო აჩვენებს.
იმ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით, მალე "ნაციონალური მოძრაობა" ყრილობასაც ჩაატარებს. სწორედ რამდენიმე დღეში გაირკვევა, ჩაანაცვლებს თუ არა სააკაშვილის მიერ დასახელებული ახალი რჩეული თავად ხაბეიშვილის შემცვლელ თინა ბოკუჩავას.