04 ივლისი 2026,   00:19
ვრცლად
შიდა ქართლი რეგიონში "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის" პრეზენტაცია გაიმართა

სოფლის განვითარების სააგენტომ, შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს, გორში, ახალი "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა" გააცნო.

შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის  პირველი მოადგილე  მიხეილ ფავლენიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ პროგრამის მიზნების, დაფინანსების პირობებისა და მიმართულებების შესახებ.

"აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა" 1 ივლისს ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, სასათბურე მეურნეობების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების, მეფუტკრეობის, აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების მოწყობა, სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტების (სასაკლაოების) მოწყობა, ასევე გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების შექმნა.

პროგრამით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან მეწარმე იურიდიულ პირს.

სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური მოცულობა პროგრამის  ფარგლებში არაუმეტეს 2 მილიონი ლარით განისაზღვრება. განსხვავებული პირობებით სარგებლობენ მერძეული ფერმის მოწყობით დაინტერესებული ფერმერები.

პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-მდეა განსაზღვრული, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და მაღალმთიან დასახლებებში განსახორციელებელი პროექტებისთვის, არაუმეტეს 55%-მდე.

"აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში" განაცხადების მიღება ხორციელდება ელექტრონულად, სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია.

დღის ამბები