04 ივლისი 2026,   10:11
ვრცლად
170-ზე მეტი სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტი ერთ თვეში - სასამართლო პროცესები სიძულვილის ენის საქმეებზე

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სასამართლო პროცესები გრძელდება. პროცესების უმეტესობა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. მოსამართლემ გიორგი გოგიას საქმე განიხილა, რომელსაც ბრალად სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ბერა ივანიშვილის შეურაცხყოფა ედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლომ ბრალდებული სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის 1500 ლარით დააჯარიმა არჩილ პაპუაშვილი. "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის" სამმართველოს დაზარალებულმა თავად მიმართა. მოსამართლემ 2000 ლარის გადახდა დააკისრა გიორგი მელითაურს, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა.

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მისამართით დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს აკაკი ბიწაძე. მას 2500-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტზე საჩხერის რაიონულმა სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა გვანცა მაჭავარიანს. 500 ლარით კი დაჯარიმდა პირი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულმა ფაქტი აღიარა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომაც განიხილა. მოსამართლემ ნოდარ სოლომნიშვილი საჯარო სივრცეში დაწერილი სიძულვილის ენის შემცველი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნო.

საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენება კანონით ისჯება. მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტი ახორციელებს, რომელმაც ერთ თვეში 170-ზე მეტი სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები