04 ივლისი 2026,   00:19
ვრცლად
რეგიონული სავაჭრო ნაკადების გაზრდა, სატრანსპორტო დერეფნების გაძლიერება და ფართო ეკონომიკური ინტეგრაცია - უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

უზბეკეთის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის საქართველოში უმაღლესი დონის პირველი ვიზიტის მეორე დღე, მთავრობის ადმინისტრაციაში სტუმრობით დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა უზბეკეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრისას განიხილა. ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს. ითქვა, რომ რეგიონული დაკავშირებადობა და ინფრასტრუქტურის განვითარება, ორი ქვეყნის ურთიერთობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.  

საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლა, ორი ქვეყნის ლიდერებმა დეკლარაციაზე ხელმოწერით აღნიშნეს. დოკუმენტის თანახმად, ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის. როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების დროს აღინიშნა, რომ პარტნიორობის შესახებ ახალი შეთანხმება პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული მიმართულებებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. უზბეკეთის პრეზიდენტის განცხადებით, შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევების ფონზე, საქართველო უზბეკეთის რესპუბლიკისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

რეგიონული სავაჭრო ნაკადების გაზრდა, სატრანსპორტო დერეფნების გაძლიერება და ფართო ეკონომიკური ინტეგრაცია - სხვადასხვა სფეროში უწყებების ხელმძღვანელებს შორის გაფორმებული მემორანდუმები, სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო გაამყარებს.

ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საფინანსო, საბაჟო, განათლების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით უზბეკეთთან პარტნიორობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს. ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერისას, ხაზგასმით გამახვილდა ყურადღება შუა დერეფნის, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანზიტო მარშრუტის გაძლიერების მნიშვნელობაზე. უზბეკეთი დაინტერესებულია საქართველოს გავლით საკუთარი პროდუქცია გლობალურ ბაზარზე გაიტანოს, რაც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს.

უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, თბილისში, ალიშერ ნავოის სახელობის პარკში, უზბეკი პოეტისა და სახელმწიფო მოღვაწის მონუმენტი გაიხსნა. ღონისძიებას ირაკლი კობახიძე და შავკატ მირზიოევი აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან ერთად დაესწრნენ.

უზბეკეთის პრეზიდენტის პირველი მაღალი დონის ვიზიტი გუშინ დაიწყო. შავკატ მირზიოევს მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. მათ შორის გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა უზბეკ კოლეგას "ოქროს საწმისის ორდენი" გადასცა. დატვირთული იყო ვიზიტის მეორე დღეც. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრები და ერთობლივი დეკლარაცია, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შესახებ. ვიზიტი უკვე დასრულდა. უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.

დღის ამბები