კოლხეთი, ოქროს საწმისი და არგონავტები - ამბავი, რომელიც 3000 წელს ითვლის და დღემდე ქართველი ხალხის იდენტობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს.
როგორი იყო სინამდვილეში ქვეყანა, რომელსაც ბერძნები მსოფლიოს შორეულ და იდუმალ ნაწილად მიიჩნევდნენ. კინოდოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი თავის ახალ ფილმში ლეგენდასა და ისტორიულ სინამდვილეს ერთმანეთს აკავშირებს.
თამამი ექსპერიმენტები და წარსულის ძიება თანამედროვეობაში - გადამღები ჯგუფი, 2 წლის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოს ყველა კუთხეში ჩავიდა, ადგილობრივების მიერ შემონახულ ტრადიციებზე, არქეოლოგიურ მასალასა და ისტორიულ ცნობებზე დაყრდნობით კი საზოგადოებას არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა წარუდგინა.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გადაღებული ფილმის პრემიერა "რუსთავი 2-ზე" შედგა. ავტორმა ნამუშევარი ეროვნულ მუზეუმში აკადემიურ წრეებს უკვე წარუდგინა. კინოთეატრ "ამირანში" ჩვენებები გაიმართა ფართო საზოგადოებისთვის.
ავტორი მიიჩნევს, რომ არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის შესახებ გადაღებული ფილმი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ მსოფლიოს საქართველოს ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობა გავაცნოთ - არგონავტების, კოლხებისა და ოქროს საწმისის ნამდვილი ამბავი - უკვე გაგზავნილია საერთაშორისო ფესტივალებზე. ოქტომბერში მისი ჩვენება ავსტრიის არქეოლოგიური და ისტორიული ფილმების ფესტივალზე შედგება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი