"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. პოზიციები ისევ გაყოფილია, როგორც თავმჯდომარის კანდიდატურასთან, ისე მისი არჩევის წესთან დაკავშირებით.
ერთი დღე ვადის ამოწურვამდე - ხვალ თინა ბოკუჩავას და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრებს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. ამ ფონზე, უცნობია როდის შედგება პარტიის ყრილობა.
გაურკვეველია ისიც, ჩატარდება თუ არა შიდა პარტიული არჩევნები, რომელზეც ახალი თავმჯდომარე უნდა დაამტკიცონ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნების გარეშე თავმჯდომარის დანიშვნა შეცდომა იყო, როცა პოსტი თინა ბოკუჩავამ დაიკავა, ამ ფონზე, პარტიის ერთ-ერთი წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ თუკი კონკურენტული გარემო არ შეიქმნა, შესაძლოა არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხნას.
"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთ წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ თუ ნანუკა ჟორჟოლიანს თავმჯდომარეობა არ უნდა, ძალით თავმჯომარედ ვერ გახდიან.
"ერთი ადამიანი, თუნდაც ის მიხეილ სააკაშვილი იყოს, რასაც ამბობს, შეიძლება ასე არ მოხდეს საბოლოო ჯამში. კონკრეტულ ფორმატებზე მიდის საუბარი. ნანუკა ჟორჟოლიანს შეუძლია თავმჯდომარე იყოს, მაგრამ თუ მას არ აქვს სურვილი, გასაგებია, რომ ადამიანს ძალით ვერ გახდი თავმჯდომარეს. ზოგადად, თავმჯდომარეობა გახლავთ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა, ეს კონკრეტულმა ადამიანმა თვითონ უნდა განსაზღვროს, რამდენად მზად არის ის ამისთვის. თინა ბოკუჩავა ჩვენი გუნდის წევრი გახლავთ და ის ამ გუნდში უნდა დარჩეს. მას შეიძლება თავმჯდომარეობაც უნდოდეს და კანდიდატურაც დააყენოს, მაგრამ მე თინას მაგივრად ვერ გიპასუხებთ, ზუსტად როგორ ხედავს საკუთარ თავს პარტიაში მომავალში", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.