09 ივლისი 2026,   18:18
ვრცლად
თორნიკე ჭეიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: სასამართლომ მკაფიოდ თქვა, რომ, როდესაც საქმე გვაქვს მძიმე და ინტენსიურ ცილისმწამებლურ კამპანიებთან, შეურაცხყოფასთან, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ინტერნეტში ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაშია.

სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე კუნსტელი სლოვენიის წინააღმდეგ. საქმე ეხება 2010 წელს მოსარჩელის მხრიდან პირად ბლოგზე ორი ჟურნალისტის მიმართ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური პოსტების გამოქვეყნებას, რის გამოც მას ჟურნალისტებმა უჩივლეს, 2012 წელს კი სლოვენიის საგამოძიებო ორგანოებმა კუნსტელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს და, სასჯელის სახით, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, ინტერნეტის გამოყენებით შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის მოსარჩელისთვის სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებით არ დარღვეულა კონვენციის მე-10-ე მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ, როდესაც სხვა ზომები არ არის ეფექტური, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი სასჯელიც იყოს გამოყენებული.

"პირველი შემთხვევაა, როდესაც მკაფიოდ და ხაზგასმით, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ როდესაც საქმე გვაქვს მძიმე და ინტენსიურ ცილისმწამებლურ კამპანიებთან, შეურაცხყოფასთან, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, გახლავთ სისხლისსამართლებრივი სასჯელი, იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ზომები არ არის სათანადოდ ეფექტიანი და ვერ აღწევს იმ შედეგს, რასაც ჰქვია აღკვეთა შეურაცხყოფისა და აღკვეთა მძიმე ცილისწამებისა,"- აცხადებს ჭეიშვილი.

დღის ამბები