თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს, დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ პროცესს არ დასწრებია ბრალდებული თორნიკე კაჭარავა, რომელიც სხვა საქმეზე უკვე იხდის მსჯავრს, დავით დეკანოსიძე კი მიმალვაშია.
მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ, ადგილზე თათბირით, ბრალდების მხარის, მედეა ცირამუას შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორმა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გამოყენების მოტივად ბრალდებულთა მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და მათი მხრიდან დანაშაულებრივი ხასიათის საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები დაასახელა.
გიორგი კვარაცხელიას დედა ინგა კვარაცხელია აცხადებს, რომ დავით დეკანოსიძე დაკავებულია სომხეთში.
"სხვა მოლოდინი ჩვენ არც გვქონია, მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო. ბრალი წაუყენეს თორნიკე კაჭარავას, დაუსწრებლად დავით დეკანოსიძეს. დავით დეკანოსიძე ოჯახის უტყუარი ინფორმაციით დაკავებულია სომხეთში და იმედი გვაქვს მოხდება მისი ექსტრადირება უახლოეს დროში", - აცხადებს კვარაცხელიას დედა.