სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ იდენტიფიცირებულ ფაქტებზე სასამართლოებში პროცესები გრძელდება. გურჯაანის სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა იოსებ მარტიაშვილი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე ლევან ჭაფოძეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მაია დარსმელიძის საქმე განიხილა, რომელმაც სიძულვილის ენა გამოიყენა ნინო ჯღარკავას მისამართით, დარსმელიძე სასამართლომ 2800 ლარით დააჯარიმა. საქალაქო სასამართლომ 6000 ლარით დააჯარიმა ვახტანგ სანაია, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ვლადიმერ ბოჟაძესა და შალვა პაპუაშვილს.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი სამართალდარღვევის საქმე განიხილა. ერთ-ერთი გახლავთ სამართალდარღვევის საქმე მაია დარსმელიძის მიმართ, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ჯღარკავას. იგი აღნიშნული ქმედებისათვის სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და შეეფარდა ჯარიმა 2800 ლარის ოდენობით. მოწინააღმდეგე მხარემ ახსნა, რომ გაბრაზებული იყო ქალბატონი მაია და სწორედ ამიტომ მოხდა მისი მხრიდან შეურაცხყოფის მიყენება. მეორე, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვა დასაბუთება, რომ ქალბატონი ნინო ჯღარკავა ადამიანი და არა ხელოვნური ინტელექტი. ეს, რა თქმა უნდა, სცილდება ყველანაირ სამართლებრივ დასაბუთებას, რაც ბუნებრივია ვერ იქნებოდა გათვალისწინებული.
დღეს სასამართლომ განიხილა ვახტანგ სანაიას საქმეც, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შალვა პაპუაშვილს და ვლადიმერ ბოჟაძეს. მოცემული საქმე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ბატონი ვახტანგ სანაია თავის პოსტში, თითქოსდა დისტანცირებას ცდილობდა შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან და საზოგადოებას მოუწოდებდა არ გაემეორებინა ისინი. თუმცა, შსს მიიჩნევს, რომ ეს იყო ფორმალური დისტანცირება და რეალურად, აღნიშნული წარმოადგენდა ირონიულ და მოჩვენებით შეურაცხყოფის ფორმას, რაც სამართლებრივ ლიტერატურაში და სამართლებრივ პრაქტიკაში მიჩნეულია ამგვარად და გაზიარებული იქნა სასამართლოს მიერ. ბატონი ვახტანგ სანაია დაჯარიმდა 6 000 ლარის ოდენობით", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა მარიამ კერესელიძემ.