10 ივლისი 2026,   19:19
ვრცლად
"სასამართლომ შეაფასა, რომ ალექსანდრე ელისაშვილის ქმედება ცალსახად იყო ტერორისტული აქტის მცდელობა და მას გააჩნდა ტერორისტული მიზანი" - პროკურორი

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის დაკავებული "ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ სასამართლომ შეაფასა ის, რომ ბრალდებულის ქმედება, ცალსახად იყო ტერორისტული აქტის მცდელობა და მას გააჩნდა ტერორისტული მიზანი.

"ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა. სასამართლომ განმარტა, გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც იყო უტყუარი, თანმიმდევრული, ისაუბრა უშუალოდ საქმეში არსებულ ვიდრეო ჩანაწერზე, რომელშიც ნათლად იყო აღწერილი ბრალდებულის ყველა მოქმედება. სასამართლომ შეაფასა ის, რომ ბრალდებულის ქმედება, ცალსახად იყო ტერორისტული აქტის მცდელობა და მას გააჩნდა ტერორისტული მიზანი. ამ შემთხვევაში, ეს იყო სწორედ სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია, რაც ნათლად და მკაფიოდ იყო გამოკვეთილი. ასევე, მოსამართლემ ისაუბრა სასჯელთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სასჯელი, რომელიც მას განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, იყო რელევანტური მის ქმედებასთან. ასევე, მინიმუმთან დაკავშირებით ისაუბრა იმ კონტექსტში, რომ ბრალდებულმა, ვინაიდან აღნიშნულ სხდომაზე მისი განმარტებებით, ასევე ქცევით, ასევე არც ერთ ეტაპზე ქმედების არ აღიარებით და მონანიების არ ქონით, ფაქტობრივად, ვერ დაიმსახურა ის, რომ მინიმუმი ყოფილიყო მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი", - აცხადებს პროკურორი, ანი ხუბეჯაშვილი.

აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს.

 

დღის ამბები