10 ივლისი 2026,   20:47
ვრცლად
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული საიუბილეო ალბომის - "ლიანა ასათიანი 100" წარდგენა გაიმართა

ეროვნულ სასახლეში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული საიუბილეო ალბომის - "ლიანა ასათიანი 100" წარდგენა გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს ალბომი ნინო თორაძემ, შორენა შავერდაშვილმა და ნიკოლოზ წულუკიძემ წარუდგინეს. 

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პირველ მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან ერთად დაესწრო.

"სასიხარულოა, რომ ლიანა ასათიანის შესახებ საიუბილეო ალბომი გამოიცა. მოგეხსენებათ, ლიანა ასათიანი და თორაძეების ოჯახი ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია; შესაბამისად, ეს წიგნი მხოლოდ ერთი ხელოვანის ბიოგრაფია კი არა, მთელი ეპოქისა და იმ ადამიანების ისტორიაა, რომლებმაც ქართული კინოსა და მუსიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

საიუბილეო ალბომი ლიანა ასათიანის პირად ჩანაწერებს, თორაძეების ოჯახურ არქივს და საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციაში დაცულ ფოტომასალას, ასევე, მსახიობის წერილების, ჩანაწერებისა და ინტერვიუების ფრაგმენტებს მოიცავს.

ლიანა ასათიანის შემოქმედებითი ბიოგრაფია ქართული კინემატოგრაფის ოქროს ხანას და მარჯანიშვილის თეატრის სცენას უკავშირდება. ალბომში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მსახიობის შვილს, პიანისტ ლექსო თორაძეს.

საიუბილეო ალბომის გამომცემელია შორენა შავერდაშვილი, შემდგენელი - ნიკოლოზ წულუკიძე, ხოლო ტექსტუალურ მასალაზე თეატრმცოდნე ლელა არაბიძემ იმუშავა. 

ღონისძიება "თორაძეების ფონდისა" და შორენა შავერდაშვილის გამომცემლობის ორგანიზებით გაიმართა.

დღის ამბები