ბათუმის სავიზიტო ბარათი - შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალი დაიწყო. ფესტივალი მაილს დევისის ოჯახის წევრმა, პროდიუსერმა და დრამერმა ვინს უილბურნ ჯუნიორმა საკუთარ ბენდთან ერთად გახსნა. მუსიკოსებმა მსმენელს მაილს დევისის მუსიკალური მემკვიდრეობა თანამედროვე ინტერპრეტაციით შესთავაზეს.
დღეს მსმენელის წინაშე სოულის სუპერ ვარსკვლავი, ამერიკელი არტისტი ერიკ ბენე წარდგება. ჯაზფესტივალს ტრადიციულად ბათუმის კორტები მასპინძლობს.
ღონისძიება ყოველ წელს ჯაზის სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს. სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის ფესტივალის განსაკუთრებულ ხასიათს და წლიდან წლამდე მუსიკის მოყვარულებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალი, მსოფლიო ჯაზის ლეგენდის, მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. წლევანდელი შემადგენლობა ექსკლუზიურია და ამ ფორმით მომავალში აღარ განმეორდება. ჯგუფში გაერთიანებული არიან მუსიკოსები, რომლებიც სხვადასხვა დროს თავად მაილს დევისთან და სხვა ვარსკვლავებთან თანამშრომლობდნენ.
ფესტივალი, რომელიც ბათუმში ყოველწლიურად მსოფლიო დონის მუსიკოსებს აერთიანებს, აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალს, რომელიც 10 ივლისს გაიხსნა, ხვალ, ბათუმის კორტებზე მსოფლიოში ცნობილი და გრემის მრავალგზის ნომინანტი ჯგუფი "გოსთ ნოუთი" დახურავს.
ავტორი: ანა ხოშტარია, ია გოლიაძე