16 ივლისი 2026,   03:51
ვრცლად
ომზე ფულის კეთების გაცხადებული სურვილი - გვარამიას განცხადება ​და სპეკულაცია ომის თემაზე

ქართული პოლიტიკა და ომზე ფულის კეთების გაცხადებული სურვილი. სად გადის ზღვარი პრაგმატიზმსა და სხვისი ტრაგედიით სარგებლის მიღების ზრახვებში? აღმოჩნდა, რომ ნიკა გვარამია უკრაინის ომის ტრაგედიას ფულის საჭრელ მანქანად განიხილავს.

გვარამიას სურს, ომის გამო, უკრაინისთვის განკუთვნილი ტრილიონებით ისარგებლოს. ამტკიცებს, რომ რუსეთი მარცხდება, უკრაინისთვის გამოყოფენ ფინანსებს, რომელსაც გამოიყენებენ სხვები, თუმცა არა საქართველო. "ახალის" ლიდერის ამ განცხადებას მშვიდობის შენარჩუნებისთვის წუხილს უწოდებენ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ მაღალჩინოსანს ფინანსებზე 2008 წლის გამოცდილებაც ალაპარაკებს.

სწორედ "ქართული ოცნების" პოლიტიკას დაუკავშირა სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილმა პროკურორმა ის გეოპოლიტიკური თეორია, რომელიც ერთ-ერთი მედიით, თავადვე განავითარა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ფინანსური კომპენსაცია საკუთარი ქვეყნის განადგურების სანაცვლოდ, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებისთვის მიღებული პოლიტიკაა. სპიკერის თქმით, ნიკა გვარამიამ ფაქტობრივად აღიარა, რომ ოპოზიციისა და ენჯეოების წარმომადგენლები საქართველოს ომში ჩართვისკენ მიმართულ პროცესებსაც მატერიალური ბენეფიტების მიღების მოტივით ახალისებდნენ.

ნიშნავს თუ არა გვარამიას წამოცდენა საყვედურს, რომ საქართველო პრაგმატული პოლიტიკით ომისგან დისტანცირდა? - სააკაშვილის პარტია პასუხისგან თავს იკავებს. გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ "ნაცმოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსანი ამ საკითხით მანიპულირებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყოფილი მმართველი ძალის წარმომადგენლები საკუთარი განცხადებებით ახდენენ თვითლუსტრაციას - თუ რა ღირებულებებით მართავდნენ წარსულში ქვეყანას და რა ფასეულობები აქვთ ახლა უკვე ოპოზიციაში. ამ კონტექსტში, დღეს, გაიხსენეს ისიც, რომ სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ბრალი სწორედ ომის პერიოდში, თავდაცვისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების მისაკუთრებაში ედება.

აგვისტოს ომის დროს, ნიკა გვარამია იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ანუ ხელმძღვანელობდა უწყებას, რომელსაც შეეძლო 5 დღეში დასრულებული ომის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში ებრძოლა, თუმცა სამართლებრივი დავა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ სწორედ "ქართული ოცნების" პირობებში გაიმარჯვა, როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოში.

დღის ამბები