15 ივლისი 2026,   21:20
ვრცლად
მარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ  China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ China Eastern Airlines-ის მიერ თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეისების შესრულება იქნება მათი კომერციული საქმიანობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების წინაპირობა.

"დარწმუნებულები ვართ, რომ მათი ოპერირების დაწყება საქართველოში იქნება მათი კომერციული ოპერირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს, კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან ჩვენი ქვეყნის მიმართულებით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მანვე მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს.

"მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რომელსაც მისი ჩვენს ქვეყანაში ყოფნის პერიოდში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ორი ქვეყნის კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირებაში და მათ შორის დღევანდელი დღეც სიმბოლურია, რადგან თქვენი ძალისხმევით, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ დღეს ასეთ მნიშვნელოვან დღეს ერთად ვზეიმობთ", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 

China Eastern Airlines თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.

დღის ამბები