"ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით “ალფა-პვპ”, რომლის ნაწილიც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განათავსა.
"ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების „მარიხუანას“ უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დიდი ოდენობით), 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 260 კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.