15 ივლისი 2026,   23:00
ვრცლად
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დადების დღესასწაული, რომელიც 15 ივლისს აღინიშნება - ვლაქერნობა ზუგდიდში

ტრადიცია წელსაც გრძელდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით, 1990 წელს დაწესებული ვლაქერნობა ზუგდიდში წელსაც ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. დღესასწაულთან დაკავშირებით, დადიანების სასახლიდან სპეციალურ ლუსკუმაში ჩაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელი, დილით ადრე გამოაბრძანეს.

ყოველი წლის 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაული ამ ფორმით აღინიშნება. საზეიმო მსვლელობის თანხლებით, ღმრთისმშობლის წმინდა სამოსელი, ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადააქვთ, სადაც სადღესასწაულო ლიტურგია იმართება. მომლოცველებისთვის წელს განსაკუთრებული ვლაქერნობა იყო, რადგან საკათედრო ტაძარში პატრიარქის რანგში, შიო მესამემ პირველი ღვთისმსახურება ჩაატარა.

საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ზუგდიდში შეკრებილ მრევლთან ერთად, სადღესასწაულო ლიტურგიას პარლამენტის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" დეპუტატებიც დაესწრნენ. ითქვა, რომ საქართველოს ქრისტიანულ სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან აქ ორი უდიდესი რელიკვია - მაცხოვრის და ღმრთისმშობლის კვართები ინახება.

იქამდე, ვიდრე კვართი დადიანების ისტორიული მუზეუმის საცავს დაუბრუნდება, მორწმუნეებს მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა ტაძარში დაბრძანებული სიწმინდე მოელოცათ.

ვლაქერნობის დღესასწაული კონსტანტინოპოლის, დღევანდელი სტამბოლის, ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში, ღვთისმშობლის სამოსლის (კვართის) დაბრძანებას უკავშირდება.

დღის ამბები