თეთრი სახლი არ იზიარებს შეშფოთებას იმის შესახებ, რომ ირანთან განახლებული საომარი მოქმედებები ნავთობისა და გაზის ფასებს კვლავ ზრდის. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ნავთობის ბაზარზე "შესაძლოა დროებითი შეფერხებები მოხდეს", თუმცა მან შეაქო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ენერგეტიკული პოლიტიკა და "სწრაფი ქმედებები", რამაც მისი თქმით, თავიდან აიცილა "ნავთობის ფასის ის მასშტაბური ზრდა, რომლის შესახებაც ბევრი გვაფრთხილებდა".
ამერიკის ავტომობილების ასოციაციის მონაცემებით, ერთი გალონი ბენზინის საშუალო ფასი ქვეყნის მასშტაბით 3.94 დოლარს შეადგენს. ფასი ბოლო დღეებში მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჩაიშალა. ამერიკის ავტომობილების ასოციაციი ცნობით, ზუსტად ერთი წლის წინ, ერთი გალონი ბენზინის საშუალო ფასი 3.16 დოლარი იყო.
ლივიტმა ხაზგასმით აღნიშნა ადმინისტრაციის ნაბიჯები ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან გამოთავისუფლების, "ჯონსის აქტის" მოქმედების დროებითი შეჩერებისა და კალიფორნიაში ნავთობის მოპოვებისთვის "თავდაცვითი წარმოების აქტის" გამოყენების შესახებ - ყველა ეს ძალისხმევა მან წარმოაჩინა, როგორც საფუძველი "საკმაოდ სტაბილური ნავთობის ბაზრის" ჩამოყალიბებისთვის.
მან აღნიშნა, რომ ტრამპის პრიორიტეტი იმის უზრუნველყოფაა, რომ ირანმა არასოდეს ჩაიგდოს ხელში ბირთვული იარაღი.
თუმცა, ამერიკელები ადმინისტრაციის სტრატეგიას ეჭვქვეშ აყენებენ. გაზეთ "ვაშინგტონ პოსტისა" და Ipsos-ის ახალმა ერთობლივმა გამოკითხვამ, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ამერიკელების მხოლოდ 33 პროცენტი იწონებს ტრამპის მიერ ეკონომიკის მართვას, ხოლო ირანთან ომის წარმართვას მხარს მხოლოდ 29 პროცენტი უჭერს.