16 ივლისი 2026,   22:58
ვრცლად
"ეს ეპოქა უნდა დასრულდეს" - მარკო რუბიო ულტრამემარცხენე ექსტრემიზმსა და ტერორიზმზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მსოფლიოს ლიდერებს რადიკალური მემარცხენეობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთიანი ძალებით ბრძოლისკენ მოუწოდებს.

რუბიოს თქმით, კოალიცია, რომელიც 60-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, საერთო მისიის გარშემო მას შემდეგ შეიკრიბა, რაც მკვლელობებმა, საბოტაჟმა და პოლიტიკურმა ძალადობამ ევროპასა და ამერიკაში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

რუბიო აღნიშნავს, რომ ეს ჯგუფები ტრანსნაციონალური ფონდებითა და მტრული სახელმწიფოების დახმარებით ფინანსდებიან, რის გამოც მათი ხელშეუხებლობა უნდა დასრულდეს:

"ეს საერთაშორისო კონფერენციაა, რადგან ჩვენ საერთაშორისო - უფრო სწორად, ტრანსნაციონალურ - საფრთხის წინაშე ვდგავართ.

ეს არის რადიკალური მემარცხენეობა. დროისა და ადგილის მიხედვით, ის შეიძლება სხვადასხვა ლოზუნგითა და იდეოლოგიით იყოს შენიღბული. მათ შეუძლიათ საკუთარ თავს სხვადასხვა სახელი უწოდონ...

მას ეპყრობოდნენ, როგორც ხელშეუხებელს, თითქოს განსაკუთრებული დაცვით სარგებლობდა. ეს ეპოქა უნდა დასრულდეს.

ისინი არ არიან ერთმანეთისგან იზოლირებული და განცალკევებული ჯგუფები. ისინი ურთიერთდაკავშირებულ ქსელებს წარმოადგენენ. ისინი არ ცნობენ ჩვენს საზღვრებს. სინამდვილეში, მათ არც ეროვნული სახელმწიფოს არსებობის სწამთ. ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან, მოგზაურობენ, გადიან მომზადებას და მოქმედებენ შეთანხმებულად; იქმნიან საერთო ინფრასტრუქტურას, საერთო მტრებს და საერთო მისიას.

"ანტიფას" წევრები და მათი თანამოაზრეები ევროპიდან ამერიკის კონტინენტებზე მიემგზავრებიან, რათა ერთმანეთის თავდასხმებში მიიღონ მონაწილეობა. ისინი საერთო, დაშიფრული საკომუნიკაციო არხებით ავრცელებენ პროპაგანდას, სასწავლო მასალებსა და ინფორმაციას სამიზნეების შესახებ; გადაადგილდებიან საიდუმლო თავშესაფრების იატაკქვეშა ქსელების მეშვეობით და საკუთარ ოპერაციებს ტრანსნაციონალური ფონდების საშუალებით აფინანსებენ. ისინი თანამშრომლობენ მტრულად განწყობილ უცხო სახელმწიფოებთანაც, რომლებიც მათ მიზნებს იზიარებენ.

ეს არის შხამიანი ბოღმა, რომელიც თანასწორობის, სამართლიანობისა და თავისუფლების ენით არის შენიღბული. ეს არის დაუოკებელი მოთხოვნილება, მიწასთან გაასწორონ ყველაფერი, რაც უფრო დიადმა ადამიანებმა შექმნეს; გაანადგურონ ყველაფერი, რაც ლამაზი და მართებულია, იმ ადამიანების სახელით, რომლებიც მხოლოდ სიმახინჯით არიან სავსენი და სამყაროსთვის სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ. ძალადობისა და ტერორის გზით ისინი კვლავ ცდილობენ, ყველას თავიანთი სიმახინჯე თავს მოგვახვიონ.

რევოლუციური ძალადობის ამ არქიტექტორებისთვის ჩვენი ცივილიზაციის გრანდიოზული მიღწევა აუტანელი დამცირებაა.

სწორედ ასეთია იმ ტერორიზმის ბუნება, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. მათ სძულთ დასავლეთი, რადგან დასავლეთი დიდია.

ეს გამორჩეული და უნიკალური ბოროტებაა. მას ყოველთვის ამოძრავებდა სიძულვილი - უპირველეს ყოვლისა კი, თავად ცივილიზაციისადმი სიძულვილი. ეს არის "ყველაზე უარესების“ აჯანყება "საუკეთესოების" წინააღმდეგ; სუსტებისა და ლაჩრების აჯანყება ძლიერებისა და ღირსეულების წინააღმდეგ. ამას სჩადიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ შექმნა, არ შეუძლიათ შენება, არ შეუძლიათ დიდი საქმეების მიღწევა და საკუთარ არასრულფასოვნებას სამყაროზე შურისძიებით ინაზღაურებენ - ცდილობენ გაანადგურონ ისინი, ვისაც ამის უნარი აქვს.

კოალიცია, რომელიც დღეს ამ დარბაზშია შეკრებილი, აერთიანებს პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებსა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. თქვენ აქ სხვადასხვა მთავრობის, პოლიტიკური პარტიისა და განსხვავებული შეხედულებების წარმომადგენლები ხართ. თქვენი ზოგიერთი მთავრობისა და ჩვენი მთავრობის პოზიციები საჯაროდ არაერთ საკითხში განსხვავდება. ზოგჯერ ეს უთანხმოება ძალიან მკვეთრიც არის - ვაჭრობის, ენერგეტიკისა თუ იმიგრაციის საკითხებზე.

თქვენ დღეს აქ არ მოსულხართ იმიტომ, რომ ამერიკის ხედვას მსოფლიოს შესახებ ყველა ასპექტში იზიარებთ. თქვენ აქ ხართ იმიტომ, რომ ორი კვირის წინ საბერძნეთში 72 წლის ქალი საკუთარ სახლში სხეულის 80 პროცენტზე მეტი დამწვრობით გარდაიცვალა. ის ცეცხლგამჩენი ბომბით მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა ქალიშვილმა საჯარო თანამდებობაზე კენჭისყრა გაბედა.

თქვენ აქ ხართ იმიტომ, რომ ამ ზამთარს ბერლინში ხუთი დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ იყო. ეს იყო ქალაქში ყველაზე ხანგრძლივი მასშტაბური გათიშვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მიზეზი თავდასხმა გახდა, რომელმაც ყინვაში ათიათასობით ოჯახი უშუქოდ დატოვა და 83 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თქვენ აქ ხართ იმიტომ, რომ ბერლინში მომხდარი ამ გათიშვიდან ერთი თვის შემდეგ, 23 წლის ფრანგი ახალგაზრდა ლიონის ქუჩებში ულტრამემარცხენე ექსტრემისტების ჯგუფის მიერ მიყენებული მძიმე თავის ტრავმების შედეგად გარდაიცვალა - მას სასიკვდილოდ სცემეს.

თქვენ აქ ხართ იმიტომ, რომ თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს ქუჩებში თავს ესხმიან, დანით ჭრიან და ესვრიან; იმიტომ, რომ თქვენი ბიზნესები დაბომბეს; იმიტომ, რომ თქვენს რკინიგზებზე საბოტაჟი მოაწყვეს; იმიტომ, რომ თქვენი პოლიციელები სცემეს და ცოცხლად დაწვეს.

თქვენ აქ ხართ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი რეალურია. მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ამის უარყოფა და იგნორირება უკვე შეუძლებელია. დადგა დრო, ეს ბოროტება ერთხელ და სამუდამოდ გავანადგუროთ,"- აცხადებს რუბიო. 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები