272 მეტრის სიმაღლის თაღოვანი კაშხალი, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ ენერგეტიკულ სიმბოლოდ ითვლებოდა, ახლა საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება. უნიკალური საინჟინრო ნაგებობა ვიზიტორებს ახალ თავგადასავალს სთავაზობს - ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ქვეყნის ყველაზე მაღალი ზიპლაინი ოფიციალურად გაიხსნა.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ზიპლაინის სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დაიწყო. დღეიდან კი ის სათავგადასავლო ტურიზმის რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს.
პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ეფექტური თანამშრომლობის მაგალითია. იდეის ავტორები ამბობენ, რომ ახალი სათავგადასავლო ატრაქციის ამოქმედება ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორების ნაკადს მნიშვნელოვნად გაზრდის. ეს კი, თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. შედეგად, რეგიონში ტურიზმიდან მიღებული ეკონომიკური სარგებელიც გაიზრდება.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტი კომპანია "აქტივიტმა" განახორციელა. სწორედ მან ააშენა ზიპლაინები თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებში, კუს ტბასა და მარტვილის კანიონზეც.
ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი ტურისტებისთვის ყოველწლიურად სულ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება. 2022 წლიდან იქ სახელმწიფო ტურისტული კომპანია "ენგური ატრაქცია" ფუნქციონირებს, რომელიც ვიზიტორებს მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტებს სთავაზობს. ამ წლების განმავლობაში ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები შეიქმნა. ლოკაციების დამატებამ კი მნიშვნელოვნად გაზარდა ენგურჰესის, როგორც უნიკალური ტურისტული პოტენციალის მქონე ობიექტისადმი ინტერესი . 2022 წლიდან დღემდე, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს 260 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია.