18 ივლისი 2026,   01:20
ვრცლად
საქართველოსა და თურქმენეთის შესაბამის სამინისტროებს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსა და თურქმენეთის შესაბამის სამინისტროებს შორის. დოკუმენტი გულისხმობს, აღნიშნული მიმართულებით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ასევე - საგანმანათლებლო და სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებით, ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში, თურქმენეთსა და საქართველოს შორის, ახალ ეტაპზე გადასული თანამშრომლობა, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გააჩენს ორივე ქვეყნისთვის.

დოკუმენტის გაფორმებამდე, მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო მრეწველობის მინისტრს შეხვდა. კოლეგებმა ორ ქვეყანას შორის აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

თურქმენეთის დელეგაცია, პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

"მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ჩვენს ეპოქაში თანამშრომლობა მეგობარ სახელმწიფოებთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან, ჯანდაცვის სექტორში და ამ მიმართულებით. ეს გულისხმობს ყველა იმ შესაძლებლობის გაზიარებას, რომელიც უკავშირდება პირველ რიგში, ცოდნას, გამოცდილებას, ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. იმავდროულად, ეს შეიძლება გულისხმობდეს სხვადასხვა ტიპის ისეთი ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რომელიც უკავშირდება სამედიცინო განათლებას. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგ, ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს აჩენს ჩვენი ქვეყნისთვისაც და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, მართლაც ღირსშესანიშნავი მოვლენაა ჩვენი სამინისტროსთვის," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

დღის ამბები