22 ივლისი 2026,   22:26
ვრცლად
სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტი - რას ითვალისწინებს ევროპული პრაქტიკა და როგორ რეგულირდება გამოხატვის თავისუფლება

სიტყვის თავისუფლება დემოკრატიულ სახელმწიფოებში კანონით დაცული უფლებაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ სტატუსი, არა რიგითი მოქალაქე, არამედ ჟურნალისტია. თუმცა, რა ხდება, როდესაც ამ უფლების საფარქვეშ ადამიანი სხვის უფლებას არღვევს? ამის ნათელი მაგალითი კიდევ ერთხელ, 7 ივლისის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ შექმნა, რაც ფაქტობრივად აზრის გამოხატვასა და შეურაცხყოფას შორის ზღვარს ავლებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტი საქმეზე, კუნსტელი სლოვენიის წინააღმდეგ, ასე გამოიყურება - სლოვენიელ ჟურნალისტს, რომელმაც საკუთარ ბლოგზე კოლეგების მიმართ ვულგარული და ცილისმწამებლური წერილები გამოაქვეყნა, ადგილობრივმა სასამართლომ 6_ი თვით პატიმრობა მიუსაჯა, მანამდე იყო გამაფრთხილებელი ჯარიმაც ცილისწამების შეწყვეტის მოთხოვნით, რაც ბლოგერმა არ გაითვალისწინა. საქმე სტრასბურგში გასაჩივრდა, თუმცა ევროპულმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. სასამართლოს განმარტებით, სოციალური ქსელი საჯარო სივრცეა, და თუ ამ სივრცეში მძიმე შეურაცხყოფა სცდება გამოხატვის თავისუფლებას, ის პირდაპირ არღვევს სხვისი პირადი ცხოვრებისა და რეპუტაციის დაცვის უფლებას.

სტრასბურგს არც ბერლინი ჩამორჩება. ადგილობრივი გამოცემა ნიუს-ის ცნობით, გერმანიის კანცლერმა უკვე ათასობით სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა, იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც მის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ფრიდრიხ მერცმა, ხელი უკვე მოაწერა 4999 სარჩელს, გამოცემა წერს, რომ მერცმა მიზნის მისაღწევად იურიდიული ფირმის მომსახურებითაც ისარგებლა. ამ ყველაფრის ფონზე ირკვევა, რომ სწორედ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მუშაობს ქართული კანონმდებლობაც.

არა ჯარიმა, არა გაფრთხილება - არამედ უფრო მკაცრი ზომა. ასეთია ოფიციალური ლონდონის გადაწყვეტილება. ბრიტანეთის სამეფო პროკურატურა მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სოციალურ ქსელებში ძალადობისა თუ სიძულვილის გაღვივებას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. ორგანოს განმარტებით, სამართლებრივი დევნა პირებს არა მხოლოდ მსგავსი მასალების გამოქვეყნების, არამედ მათი გაზიარების გამოც ემუქრებათ. მიუხედავად არაერთი მაგალითისა, რასაც სხვადასხვა დასავლური სახელმწიფოები იძლევიან, ქართული ოპოზიციური სპექტრი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას ვერ ხედავს.

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი განცხადებები - კანონით რეგულირდება მეზობელ სომხეთში. აქ, კანონის აღსრულების არაერთი მაგალითს ვხვდებით, მათ შორის ყველაზე გახმაურებული საქმეები შემდეგია: პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანისა და სომხეთის მმართველი პარტიის სხვა წევრების შეურაცხყოფისთვის პოდკასტის წამყვანები - ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს ერევანში. ასევე ფაშინიანის შეურაცხყოფისთვის დაჯარიმდა სომხეთის რიგითი მოქალაქე, მან დანაშაული აღიარა, თუმცა სანქციის სახით 500 000 დრამის გადახდა მოუწია. სანქცია კი სამომავლოდ დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმია, რაც საქართველოს მაგალითზეც უკვე გამოიკვეთა.

იტალია, შვეიცარია, ლიეტუვა, ამერიკის შეერთებული შტატები და კიდევ სხვა, მრავალი დასავლური სახელმწიფო სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას საკანონმდებლო დონეზე აქტიურად განაგრძობს. ხოლო კანონდამრღვევები მიუხედავად სტატუსისა თუ თანამდებობისა, სასამართლოს წინაშე ჩადენილ დანაშაულზე პასუხს სხვადასხვა ფორმით - ხან ჯარიმით, ხანაც პატიმრობით აგებენ.

დღის ამბები