22 ივლისი 2026,   22:28
ვრცლად
ორი სიახლე ბერლინიდან - გახდება თუ არა პეტერ ფიშერის წასვლა თბილისსა და ბერლინს შორის ურთიერთობების გადატვირთვის დასაწყისი

გერმანელი დიპლომატის, დიპლომატიური მისიის დასრულება საქართველოში, შეიძლება ორი ქვეყნის ურთიერთობის გადატვირთვის დასაწყისად იქცეს - ოფიციალური ბერლინიდან ორი სიახლეა. 10 თვიანი ლოდინის შემდეგ ხვალ საქართველოს ელჩი გერმანიაში ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელს გადასცემს. ელჩი ფიშერის პენსიაში გასვლას ემთხვევა ისიც, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან 2 წლის შემდეგ არასწორი ინფორმაციაც წაიშალა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი კი ილია დარჩიაშვილი იყო.

დამთხვევა თუ ახალი პოლიტიკური კურსის დასაწყისი ამას "ქართული ოცნების" თქმით, უახლოესი მომავალი აჩვენებს, თუმცა ამჯერად დაზიანებული ურთიერთობების გამთელებას წინ ელჩი ფიშერი ვერ დაუდგება. სახელისუფლებო გუნდისთვის გერმანელი დიპლომატი იყო ის, ვინც საქართველო-გერმანიის მრავალწლიან მეგობრობაში ბზარი გააჩინა.

4 წლიანი დიპლომატიური საქმიანობის პერიოდში პეტერ ფიშერი საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. მაშინ როცა, მხარი დაუჭირა ქვეყანაში ძალადობრივ აქციებს, როცა მოშიმშილე ოპოზიციონერებს გასამხნევებლად პარლამენტთან მიაკითხა და მაშინაც, როცა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის ოჯახის მდგმურიც გახდა. ამის მიუხედავად ხელისუფლების ოპონენტებს არასდროს უთქვამთ, რომ ელჩი დიპლომატიურ ჩარჩოებს სცდებოდა.

უსამართლო კრიტიკის, არაობიექტური მიდგომებისა და საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მიუხედავად, ხელისუფლება მზად არის, რომ გერმანიასთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. "ქართული ოცნების" ლიდერებს ელჩი ფიშერის წასვლის შემდეგ, ოფიციალური ბერლინის შეცვლილმა დამოკიდებულებამ იმედი გაუჩინა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო.

ხვალიდან საქართველოს ხმა გერმანიაში ალექსანდრე კარტოზია იქნება, რომელიც დიპლომატიურ საქმიანობას ოფიციალურად დაიწყებს. თუმცა ვინ იქნება პეტერ ფიშერის ადგილმონაცვლე საქართველოში ეს ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები