თბილისის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო. რუსთაველი ღამის 12:00 საათიდან გადაიკეტა. მოძრაობა იზღუდება ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, ასევე, კოსტავას ქუჩის ნაწილზე.
რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად უნდა გამოიცვალოს მიწის ქვეშ არსებული კომუნიკაციები, მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, ასფალტის ახალი საფარი, გამწვანება და ახალი განათებები. მეორე ეტაპია ისტორიული შენობების ფასადების რეკონსტრუქცია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს რამდენიმე კომპანია ერთობლივად განახორციელებს.
"ქუჩის სრული დაკეტვა გამომდინარეობდა იქიდან, რომ რეაბილიტაცია რაც შეიძლება დაჩქარებულ ვადაში მოხდეს. გვაქვს სამანქანო მოძრაობის ცვლილება. როგორც იცით, მანქანები ვერ შეძლებენ რუსთაველის მოძრაობას, შესაბამისად, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გადაადგილდნენ ზემო მთაწმინდის ქუჩებით, ასევე, თაბუკაშვილის ქუჩით და მარჯვენა სანაპიროთი.
ცვლილება, ასევე, ეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ვერ შეძლებს მოძრაობას რუსთაველის გამზირზე. შესაბამისად, მარშრუტი იცვლება და უკვე ფილარმონიიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას გააგრძელებს გმირთა მოედნის მიმართულებით და მარჯვენა სანაპიროს გავლით გადაადგილდება, ბარათაშვილის ქუჩისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით და პირიქით. მინდა აღვნიშნო, რომ თავისუფლების მოედანი რჩება სამანქანო მოძრაობისთვის ღია," - განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ნინო ბაგაშვილმა.