30 ივლისი 2026,   03:56
ვრცლად
"ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა არაერთხელ გვანიშნეს, რომ მოხუცი ჯოს განცხადებები გულთან ახლოს არ მივიტანოთ" - გიორგი გაბუნია

"ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა არაერთხელ გვანიშნეს, რომ მოხუცი ჯოს განცხადებები გულთან ახლოს არ მივიტანოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეც ვიქცევით", - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია საუბრობს.

მისი თქმით, ქართული მხარის მიზანია, რომ ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობები გაჯანსაღდეს და გადაიტვირთოს.

"ჩვენი მიზანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაჯანსაღდეს და გადაიტვირთოს. ჩვენი მიზანია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მანამდე ფარატინა ფურცელზე იყო, რეალური სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდეს ორ სახელმწიფოს შორის. ამიტომ, ჯო უილსონი, რომელიც ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში აზიანებს ამ ურთიერთობებს, არაერთხელ ამხილეს ლობისტურ საქმიანობაში. ის და მისი განცხადებები პირდაპირ არის ნაკარნახევი კონკრეტული ინტერესებით და იმ ლობისტური საქმიანობის ფარგლებში, რომელზეც მას არაერთხელ დასდეს ბრალი, მათ შორის 2024 წელს, როდესაც გამოქვეყნდა ფარას დოკუმენტი, სადაც ჯო უილსონი ფიგურირებდა კონკრეტულ ჰონორარებთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვნად არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და მეორე, ასევე მიზანმიმართული მცდელობა, საქართველოს იმიჯის დაზიანების," - აცხადებს გიორგი გაბუნია. 

ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა დაწერა, რომ "ქართული ოცნება" სიტყვის თავისუფლებას ანადგურებს და მათ წინააღმდეგ ახალი კანონპროექტის წარდგენას აანონსებს.

"როგორც მოსალოდნელი იყო, "ქართული ოცნება" სიტყვის თავისუფლებას "სიძულვილის ენის" შეჩერების საბაბით ანადგურებს. ამ "ვოუქ" პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება. მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ "ვოუქ" ცენზურას!" - წერს ჯო უილსონი.

 

დღის ამბები