09 აგვისტო 2026,   01:33
ვრცლად
400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და ათი ათასობით დევნილი საკუთარ სამშობლოში - აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წლის შემდეგაც ემოციები არ ნელდება. უახლესი ისტორიის ტრაგიკული დღეები და ომში დაღუპული გმირები ოჯახის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მათი თქმით, გმირები არ კვდებიან, მათი სახელები და თავდადება კი საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.

აგვისტოს ომს ბევრი გმირი ჰყავს. ოკუპანტთან ბრძოლის დროს დაღუპული თითოეული მებრძოლის ისტორია განსაკუთრებულია, თუმცა "კურიერმა" აგვისტოს მძიმე დღეების ქრონოლოგია იმ რამდენიმე გმირის ოჯახის წევრისგან მოისმინა, რომლებმაც საკუთარი ახლობლების შესახებ ისაუბრეს.

ომის მძიმე დღეები გმირების ოჯახის წევრებთან ერთად გაიხსენეს მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმაც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაღუპული სამხედროების პატრიოტიზმი და თავდადება თითოეული მოქალაქისთვის სამაგალითოა. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად ქვეყანამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. მემორიალთან მივიდა და დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრეზიდენტმაც.

გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს, თავდაცვის მინისტრთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარემაც მიუსამძიმრა.

აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმაც.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა. მათ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების თავდადებასა და სამშობლოსთვის გაღებულ მსხვერპლზე ისაუბრეს.

18 წლის წინ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2 000-ზე მეტი დაჭრილი, ათიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი - ასეთია 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსული აგრესიის მძიმე შედეგები.

დღის ამბები