ვეტერანების შეფასებით, საქართველოს იმიჯს გიორგი ბარამიძის ის განცხადება აზიანებს, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და ყოფილმა მაღალჩინოსანმა აფხაზეთის ომის დროს ქართველ მებრძოლებს სამხედრო ტყვეების დახვრეტა დააბრალა.
ლევან გოგოლაურმა მედიასთან დღეს დეტალურად გაიხსენა, როგორ ხდებოდა ტყვეების გაცვლა და რა ვითარება იყო აფხაზეთის ომში.
კიდევ ერთი ვეტერანის, ზურაბ შამუგიას შეფასებით გიორგი ბარამიძის განცხადება მთელი საქართველოს ღალატია. ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ცრუ ინფორმაციის გავრცელებით აფხაზეთის ომში დაღუპულებსა და ვეტერანებს შეურაცხყოფა მიაყენა. იმავეს ფიქრობს გიორგი მათიაშვილიც, რომელიც საომარი მოქმედებების დროს სოხუმში ომის დანაშაულების გამოძიების მიზნით პროკურატურიდან იყო წარგზავნილი. იხსენებს, როგორ აკეთებდა ქართული მხარე ყველაფერს ტყვეების გადასარჩენად.
გიორგი ბარამიძემ თავდაპირველად იაგო ხვიჩიას გადაცემაში თქვა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ. შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ტყვეების დახოცვა ხალხს დააბრალა. ამ განცხადებების ავტორმა დღეს ისევ უცვლელი შინაარსის ვიდეო გაავრცელა და აღნიშნა, რომ სიმართლე თქვა.
"მტკნარი სიცრუე, სიბრიყვე და მოღალატეობრივი განცხადება" - ასე აფასებს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძის განცხადებას.
ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის თქმით კი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გიორგი ბარამიძის განცხადება სამარცხვინო და ამაზრზენია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსგავს ტყუილს ახსნა ვერ ექნება და ის "ნაციონალური მოძრაობის" სახეს აჩვენებს.
გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო. საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა აფხაზეთის ომის ვეტერანები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალ-მაიორი გია ყარყარაშვილი და აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლის სამთავრობო კომისიის წევრი, პაატა ზაქარეიშვილი.