ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“-ის მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის ღვინის ტური გაიმართა.
14-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში „Colangelo & Partners“-ის წარმომადგენელი ჰემა ბოში და ამერიკის ღვინით ვაჭრობის სფეროს პროფესიონალები შედიოდნენ.
ტურის ფარგლებში, ამერიკელი სტუმრები ქართლისა და კახეთის რეგიონებში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ესტუმრნენ, ადგილზე გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებსა და ქართულ სამზარეულოს, ასევე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.
ამერიკელი ღვინის პროფესიონალების საქართველოში ვიზიტი ქართული ღვინის ცნობადობისა და ამერიკის ბაზარზე მასზე მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია. აშშ გამოირჩევა ღვინის ბაზრის მაღალი კონკურენციითა და ხარისხის მიმართ მკაცრი მოთხოვნებით. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა არაერთმა მარკეტინგულმა ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას ამერიკის ბაზარზე, რომელიც ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალფასიან საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
აშშ-ში ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასს.
ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, „Colangelo & Partners“ აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან ახორციელებს. კომპანია „Colangelo & Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.