21 აგვისტო 2026,   18:43
ვრცლად
დღეს ვაცხადებ ყველაზე მასშტაბურ და გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას - დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციებს აანონსებს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ზომებისა და სანქციების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, დაწესებული შეზღუდვები ირანის სრულ იზოლაციას და მისი შესაძლებლობების პარალიზებას ისახავს მიზნად, ხოლო ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ირანს დაეხმარება, მკაცრი ეკონომიკური შედეგების წინაშე აღმოჩნდება.

"ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის შეთანხმების მისაღწევად ჩემზე მეტი შესაძლებლობა არავის მიუცია. სამწუხაროდ, მათ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს.

ამიტომ, დღეს ვაცხადებ ყველაზე მასშტაბურ და გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას, რომელიც ოდესმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულა! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია. მათი სამხედრო-საზღვაო ძალები აღარ არსებობს, მათი საჰაერო ძალები განადგურებულია, სამხედრო ქარხნები კი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. მათი ვალუტა გაუფასურებულია და ქვეყანა ზღვარზეა.

დღეს ასევე ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც საკუთარ ფინანსურ ინსტიტუტებს, ბიზნესებს, აეროპორტებს ან სამთავრობო უწყებებს ირანისთვის რაიმე სახის დახმარების გაწევის საშუალებას მისცემს, თავადაც უზარმაზარი ეკონომიკური შედეგების წინაშე აღმოჩნდება. ნავთობის კონტრაბანდა, სავალუტო ნაკადები, ფულადი გადარიცხვები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, გემების რეესტრები, ფიქტიური კომპანიები - ეს ყველაფერი ახლავე უნდა შეწყდეს.

თქვენ იცით, ვისაც ვგულისხმობ. ეს იქნება ეკონომიკური D-Day - გადამწყვეტი დღე, ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა ჩვენი მოკავშირე შეერთებული შტატების გვერდით დადგეს, რათა ირანის საფრთხე იზოლაციაში მოვაქციოთ და დავამარცხოთ. ეს მანიაკები კუთხეში არიან მიმწყვდეულნი და ეს ისტორიული ზომები მათ პარალიზებას მოახდენს, შეაფერხებს მათ შესაძლებლობას, ტერორი მთელ მსოფლიოში გაავრცელონ. ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი", - წერს დონალდ ტრამპი.

დღის ამბები