ესტონეთი, ტაივანი, ბელგია ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც დარეგისტრირებულმა ენჯეოებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ხელმომწერთა შორის არიან გიგაური, ხიდაშელი, ჯაფარიძე, მშვენიერაძე და სხვები, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას მიუღებლად მიიჩნევენ. თავს კი საქართველოს პატრიოტებად მოიხსენიებენ. მმართველ გუნდში ამ გზავნილის მიღმა აშკარა მიზანს კითხულობენ: წარსულში თბილისში ძალადობრივი პროცესებისა და ხელისუფლების შეცვლის მცდელობებთან დაკავშირებული ენჯეოები, ახლა გარე აქტორებისგან ახალ პოლიტიკურ დავალებებს იღებენ.
განცხადებიდან ირკვევა, რომ ენჯეოებს არ მოსწონთ რუსოფობიაზე საუბარი. ასევე, ეწინააღმდეგებიან საზოგადოებრივ დიალოგს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით. საბოლოოდ კი აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ნარატივი კრემლისტურია. თუმცა, არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ ბრალდებებს გაამყარებდა, ტექსტში წარმოდგენილი არ არის.
კონკრეტული არგუმენტების მოსასმენად ვცადეთ დავკავშირებოდით ხელმომწერთა ნაწილს, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს ან არ უპასუხეს, ან უბრალოდ კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდეს. ეს დუმილის პირველი შემთხვევა არაა. მმართველი გუნდის განმარტებით, წლების განმავლობაში რადიკალური ქმედების არაერთი ფაქტი დაგროვდა, რაზეც ენჯეოებს საზოგადოებისთვის პასუხიც გასაცემი აქვთ და ბოდიშიც მოსახდელი.
ხელმომწერთა დიდი ნაწილი, ვინც პატრიოტის იმიჯს ირგებს ევროკავშირის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ენჯეოებშია დასაქმებული. ბრიუსელის მიერ შექმნილ ლობისტების გამჭვირვალობის პორტალზე იძებნება ის ორგანიზაციაც, რომელიც დეკლარირებულად ევროკავშირის ინტერესების გამტარი და გამავრცელებელია - ამ ენჯეოში დასაქმებულია განცხადებაზე 5 ხელმომწერიც. ერთადერთი ვინც დღეს ამ არასამთავრობოებს და მათ განცხადებას მხარს ჭერს ქართული ოპოზიციაა.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი დარწმუნებულები არიან, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები, გარედან მართულ ოპოზიციასთან ერთად რევოლუციური სცენარების განვითარებას ცდილობს. ამის მაგალითად მოჰყავთ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში განვითარებული მოვლენები - ომი, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების დახურვა, ადამიანების უსაფუძვლო დაკავება და მკვლელობა. დეპუტატების განმარტებით, დღეს განცხადებაზე ხელმომწერი ადამიანები მაშინ დუმდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი ხელმძღვანელები განცხადებაში ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ დასახული ამოცანების შესასრულებლად. მმართველი გუნდი კი ენჯეოებს აფრთხილებს, რომ ადამიანებზე ზეწოლა, ცეცხლი თბილისის ქუჩებში და ძალადობა, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არასამთავრობოების ხელწერად იქცა, საქართველოში ვეღარ განმეორდება.