22 აგვისტო 2026,   11:24
ვრცლად
"ომის რიტორიკის მქადაგებლები, უპასუხისმგებლო პოპულისტები, გაყიდულები, მოსყიდულები, მძარცველები" - ძველ და ახალ "ნაციონალებს" შორის დაპირისპირება ყოველდღიურად მწვავდება

ოპოზიციურ ფლანგზე, პოლიტიკური ბედის ბორბალი ისე დატრიალდა, რომ ერთ დროს თანამებრძოლები დღეს მთავარ ოპონენტებად იქცნენ. სააკაშვილი გვარამიას, გვარამია "ნაციონალურ მოძრაობას", "ნაციონალური მოძრაობა" კი მთელ ოპოზიციას აუჯანყდა. ომის რიტორიკის მქადაგებლები, უპასუხისმგებლო პოპულისტები, გაყიდულები, მოსყიდულები, მძარცველები - ამ ეპითეტების ავტორებიც და ადრესატებიც ხელისუფლების ოპონენტები არიან.

ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისივე იდეოლოგიით შექმნილი პარტიის წევრების მოსყიდვისთვის არა 40, არამედ 4 მილიონიც საკმარისია. მწვავე პასუხმაც არ დააყოვნა. ანა წითლიძემ, რომელიც გვარამიას თქმით, "ბირჟაზე მჯდომი" პოლიტიკოსის რანგს ვერ გასცდა, სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს ჯერ ტელევიზიების, შემდეგ კი პარტიის მძარცველი უწოდა და უხელფასობის დროს, მისი სოლიდური ხელფასიც გაახსენა.

დაპირისპირება კი მას შემდეგ გამწვავდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამია აფხაზეთზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა და უთხრა, რომ ისტორიული ტრავმისგან გათავისუფლება, ტერიტორიისგან გათავისუფლებას ნიშნავს. არაერთხელ დაწუნებული ბრძოლის სტრატეგიისა და ლუზერებად წოდების შემდეგ, დღეს მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ასეთ ოპოზიციასთან ერთად ბრძოლა დამარცხების რეპეტიციაა.

მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, ოპოზიციის მხრიდან მათ მიერ ჩადენილ სამართლებრივ და პოლიტიკურ დანაშაულებზე საუბარი მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ მათი ოპონენტები საბოლოოდ განადგურდნენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ერთმანეთის მხილების რეჟიმში მყოფი ოპოზიცია, ახლა ერთმანეთის რეალური სახეების ლუსტრირებას ახდენს.

კოლექტიურ დაპირისპირებაში დღეს ზურა გირჩი ჯაფარიძე, გვარამიას დასაცავად ჩაერთო. ყოფილმა "ნაციონალმა" ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებს ჯერ ბოდვა და აბსურდი უწოდა, შემდეგ მათ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაახსენა. "ნაციონალური მოძრაობა" კი ყველას ტრადიციულად ფოკუსის გასწორებას ურჩევს.

სახელისუფლებო გუნდის წევრები ოპონენტების შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობენ. მმართველი გუნდის თქმით, თუ წლების წინ ნიკა გვარამია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის პოლიტპატიმარი იყო, დღეს ტელევიზიების მძარცველად იქცა. რეალურად კი "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ყოფილი და მოქმედი "ნაციონალებიც" ერთი გუნდია, რომელსაც ქვეყნის შიგნით სამოქმედო გეგმას, ქვეყნის გარეთ უწერენ.

ერთიანობის პირობით შექმნილი ალიანსი უკვე დაიშალა. თუმცა ძველ და ახალ "ნაციონალებს" შორის დაპირისპირება ყოველდღიურად მწვავდება.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები