ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, გრანდიოზული LIVE კონცერტისთვის მზადების ბოლო დეტალებს გადიან. 22 აგვისტო ბათუმის მუსიკალური საღამოების კალენდარზე მონიშნულია, როგორც ნუცა ბუზალაძის LIVE შოუ.
უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია და არტისტის ემოციებიც პიკს აღწევს.
მაყურებელთან შეხვედრამდე მუსიკოსები ხმას ამოწმებენ, მოცეკვავეები სცენის მასშტაბს, დიზაინერები ფერებს, რეჟისორი კი ეკრანების გამოსახულებას, რომლებიც მუსიკალური ცენტრის სცენაზე უჩვეულოდ მრავლადაა.
შოუს რეჟისურა ზაზა ორაშვილმა ჩაიბარა და ნუცა ბუზალაძის დიდ გუნდთან ერთად პროექტზე 1 თვის განმავლობაში იმუშავა.
ნუცა ბუზალაძის სოლო კონცერტი საქართველოში ბოლოს 2 წლის წინ ჩატარდა, ეს ხანგრძლივი ტაიმაუტი კი მომღერალმა ამერიკული კარიერის განვითარებით ახსნა თუმცა ხვალისთვის ის გულშემატკივრებს დაუვიწყარ შოუს ჰპირდება - მრავალფეროვანი და არაერთ ენოვანი რეპერტუარით, განსხვავებული ქორეოგრაფიით და მისთვის დამახასიათებელი ენერგიით.
პროექტი ორი კულტურის შერწყმა - ქართულ-ამერიკული კოლაბორაციაა. შოუსთვის შტატებიდან საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ მუსიკოსები ტონი ბრექსტონის ბენდიდან.
შოუ რომელიც ხვალ ბათუმში გაიმართება, ოქტომბერში ლოს ანჯელესში განმეორდება. მომღერალი, უკვე გრემის აკადემიის წევრის სტატუსით შემოდგომაზე გეგმავს ახალი ალბომის პრეზენტაციასაც. არტისტს დიდი გეგმები აქვს შტატებში, თუმცა დებს პირობას, რომ ქართველ მსმენელს თავს არ მოანატრებს.