გაეროს უშიშროების საბჭოს მოქმედი წევრები: გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ლატვია, დანია, საბერძნეთი, მომავალ წევრებთან - ავსტრიასთან და პორტუგალიასთან ერთად, რუსეთს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და უკან წაიღოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილეს.
უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები მიესალმებიან ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების უკან გაწვევისა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ და მოუწოდებენ სხვა სახელმწიფოებს, რომელთაც აღიარებული აქვთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა - მიბაძონ ნაურუს და ამ ფორმით პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. განცხადების პათოსს იზიარებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოდან, კიდევ ერთხელ დაიგმო საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრა და ორი რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები.
რუსეთი რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს, ეს მთელი მსოფლიოსთვის კარგად ცნობილია, თუმცა როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ოკუპანტი სახელმწიფოს უკანონო ქმედებების სისტემური დაფიქსირება ყოველ ჯერზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რადგან საქართველომ ოკუპაციასთან საბრძოლველად ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა გამოიყენოს.
გაეროში 20 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე და მათთვის უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების პირობების შექმნის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.