24 აგვისტო 2026,   11:16
ვრცლად
მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო​

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge დღეიდან დაიწყო და 8 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.

რეგისტრაციის პროცესში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს არაუმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამა და დაალაგოს ისინი პრიორიტეტის მიხედვით.

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, მობილობის უფლება ეძლევათ იმ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებსაც, რომელთა საგანმანათლებლო პროგრამაზე უნივერსიტეტს 2026-2027 სასწავლო წელს სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდული აქვს და ამ საფუძვლით სტატუსის აღდგენა ვერ ხერხდება. მობილობის შესაძლებლობა მათ ერთწლიანი სწავლის წინაპირობის გარეშე ეძლევათ.

მობილობის კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციის საფასურის - 40 ლარის გადახდა. მობილობის საფასურისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომელთა ოჯახები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული და სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.

მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებში, ასევე თვითმომსახურების ტერმინალებში, ინტერნეტბანკის, მობაილბანკის ან BOGPAY.GE-ის სერვისებით.

ბაკალავრიატის საფეხურის სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველმა სტუდენტმა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე უნდა გაიაროს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული შიდა კონკურსი. შიდა კონკურსის პირობებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. შიდა კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, სტუდენტს მობილობის ელექტრონულ პორტალზე დაფიქსირებული უნდა ჰქონდეს ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც შიდა კონკურსის საფუძველზე დაწესებულების თანხმობა მოიპოვა.

მობილობის შედეგების ნახვა სტუდენტს ელექტრონული პორტალის პირად სარეგისტრაციო გვერდზე 11 სექტემბერს შეეძლება.

მობილობის დადებითი შედეგის შემთხვევაში, სტუდენტმა წერილობითი განცხადებით დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარადგინოს პირადი საქმის ასლები.

მობილობის შედეგების საფუძველზე, სტუდენტი ასევე უნდა გაეცნოს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ ინფორმაციას და წერილობით დაადასტუროს თანხმობა ან უარი.

მობილობის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდსა და მობილობის ელექტრონულ პორტალზე.

მობილობის ელექტრონული პორტალი - https://students.emis.ge/

რეგისტრაციის პროცესის ვიდეოინსტრუქცია - https://www.youtube.com/watch?v=Gs13GS1wJ8Q

მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი - https://www.emis.ge/posts/142

ხშირად დასმული კითხვები მობილობის შესახებ - https://emis.ge/about/faq

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სტუდენტებს მოუწოდებს, რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობისას ყურადღებით გაეცნონ გამოქვეყნებულ საინფორმაციო მასალებს, მობილობის პირობებსა და დადგენილ ვადებს.

 

დღის ამბები