03 სექტემბერი 2026,   19:10
ვრცლად
ქართველი კიბერფეხბურთელები 5 სექტემბერს საკონტინენტთაშორისო თასზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ - სად იქნება შესაძლებელი მატჩებისთვის თვალყურის დევნება?

ბრძოლა კიბერფეხბურთის ვირტუალურ მოედანზე, ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად და მთავარი მიზანი - საქართველოს სახელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა.

საბა პეტრიაშვილი და გიორგი გაბუნია ლისაბონში მიემგზავრებიან. ქართველი კიბერფეხბურთელები 5 სექტემბერს საკონტინენტთაშორისო თასზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ და 7 უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მათი მთავარი მიზანი გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონატისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაა.

მატჩებისთვის თვალყურის დევნება გულშემატკივრებს "ფიფას" მთავარ გვერდზე და კიბერფეხბურთის ფედერაციის Youtube-არხზე შეეძლებათ.

ციფრული სამყაროს განვითარებასთან ერთად, კიბერსპორტმა საქართველოშიც წარმატებით მოიკიდა ფეხი. ქართულ კიბერფეხბურთს უკვე 9-წლიანი ისტორია აქვს, ამ დროის განმავლობაში კი საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ვირტუალურ მოედანზე ჩვენი ქვეყანაც ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ძალაა.

საქართველოს კიბერნაკრებს მსოფლიოში ყველაზე გრძელი - 11-მატჩიანი - წაუგებელი სერია აქვს. ამასთანავე, 81 გატანილი გოლით საქართველო მსოფლიოში ყველაზე შედეგიანი ნაკრებია.

5 სექტემბერს, ლისაბონში საბა პეტრიაშვილი და გიორგი გაბუნია საქართველოს სახელით გამოვლენ. მათ მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი აშორებთ - ახლა მთავარი სწორედ ამ შანსის გამოყენებაა.

 

ავტორი: თიკო ლობჯანიძე

დღის ამბები