რეგიონის ქვეყნების მთავრობები, ინდუსტრიის ლიდერები, ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები - ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მესამედ უმასპინძლებს. 40-ზე მეტი ქვეყნის 400-ზე მეტი დელეგატი სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერების საკითხებზე იმსჯელებს.
"სადაც ზღვები ხვდება დერეფნებს" - ასეთია რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმის წლევანდელი სლოგანი. ფორუმი ერთ სივრცეში გააერთიანებს იმ საერთაშორისო და რეგიონულ აქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალური სავაჭრო მარშრუტებისა და ლოგისტიკის განვითარებაში. ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სტრატეგიული ჰაბის ფუნქციას.
ფორუმზე დაგეგმილია ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პროექტის პრეზენტაციაც. ყურადღება გამახვილდება რეგიონში სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალსა და შავი ზღვის დერეფნის განვითარებაზე.
გლობალური ვაჭრობა, საერთაშორისო თანამშრომლობა, ციფრული დერეფნები და ადამიანური რესურსების მართვა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც 5 სადისკუსიო პანელზე იმსჯელებენ. მასშტაბური ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.
ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 7-8 სექტემბერს გაიმართება. აჭარამ მასშტაბურ ღონისძიებას პირველად 2016 წელს უმასპინძლა.
ავტორი: ირაკლი კოშაძე