02 სექტემბერი 2026,   19:17
ვრცლად
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტზე, 4 პროცესი ჩატარდა - სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქმეების განხილვა გრძელდება

სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქმეების განხილვა გრძელდება. რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით მახარაძის პროცესი დაიწყება, მან შეურაცხყოფა მიაყენა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კი, საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტზე, 4 პროცესი ჩატარდა. მოსამართლემ ირაკლი კეზევაძის და სულხან დვალის საქმეები განიხილა. კეზევაძეს კახა კალაძის შეურაცხყოფას ედავებიან, დვალმა კი სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიხეილ ყაველაშვილს მიაყენა. მათ საქმეებზე გადაწყვეტილება 10 სექტემბერს გამოცხადდება.

"ირაკლი კეზევაძის და სულხან დვალის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეები განიხილა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. დასრულდა აღნიშნული საქმეების განხილვა და დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდება 10 სექტემბერს, 11:00 საათზე.

კიდევ 2 სამართალდარღვევის საქმე განიხილა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, აღნიშნულ საქმეებზე მხარეები არ იყვნენ გამოცხადებული და საქმის განხილვა გადაიდო სხვა დროისთვის", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანდრო გურულმა.

დღის ამბები