04 სექტემბერი 2026,   01:38
ვრცლად
ირანის მოქალაქემ საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოიტანა - სამართალდამცველებმა ის აეროპორტში დააკავეს

სტამბოლი-თბილისის რეისით საქართველოში ირანის მოქალაქე ჩამოფრინდა. საზღვარი გადმოკვეთა, თუმცა საბაჟო კონტროლის გავლისთანავე, მგზავრი სამართალდამცველებისთვის საეჭვო აღმოჩნდა. მისი ხელბარგი, რომელიც მხოლოდ მცირე ზომის ჩანთა იყო, დეტალური დათვალიერებისთვის სპეციალურ ზონაში გადაიტანეს.

მალევე გაირკვა, რომ საეჭვო მგზავრმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოიტანა. 200 აბი "პრეგაბალინი" ირანის მოქალაქეს გადანაწილებული ჰქონდა. ნაწილს ხელბარგში მოწყობილ სამალავში მალავდა, ნაწილი კი 46 წლის მამაკაცის ფიზიკური დათვალიერების დროს აღმოაჩინეს.

დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში გავრცელების ფაქტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მებაჟე ოფიცრებთან ერთად აღკვეთეს.

ირანის დაკავებული მოქალაქე დანაშაულს აღიარებს და მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს. ადვოკატის ინფორმაციით, 200 აბი "პრეგაბალინი" მის დაცვის ქვეშ მყოფს სამკურნალოდ სჭირდებოდა.

პოლიცია ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დასადგენად და დასაკავებლად ამ დრომდე მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებებს ყოველდღიურად ატარებენ, გამკაცრებულია სახელმწიფო საზღვრებზე კონტროლი.

ირანის 46 წლის  მოქალაქეს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს. ადვოკატის ინფორმაციით, მის საქმეზე სასამართლომაც იმსჯელა და აღკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

დღის ამბები