ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს თანამშრომლობით, უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება წარმატებით დასრულდა.
სწავლებაში, რომელიც ბათუმში ჩატარდა, მონაწილეობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა მიიღეს.
სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა სამი სხვადასხვა სცენარით განვითარებულ ქიმიურ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე იმუშავეს, პრაქტიკაში გამოცადეს სამოქმედო პროცედურები და გამოავლინეს კონკრეტული ხარვეზები ინციდენტებზე რეაგირებისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის პროცესში.
საველე-პრაქტიკული სწავლების შედეგად, იდენტიფიცირებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით კი, შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები და დაიგეგმება სწავლებები პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. სააგენტო საქართველოს უსაფრთხოების სექტორის განვითარებას მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს.
კიდევ ერთი ერთობლივი სიმულაციური სწავლება 8 სექტემბერს მცხეთაში ჩატარდება, რომლის მიზანი მასობრივი თავშეყრის ადგილებში ქიმიურ და ფეთქებად ნივთიერებებზე რეაგირების პრაქტიკული მომზადება იქნება.