03 სექტემბერი 2026,   23:05
ვრცლად
გამოძიების შედეგები გერმანიაში - ბერლინი მოსკოვს საბოტაჟში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს აანონსებს 

ლაიფციგი-ჰალეს აეროპორტში მომხდარ დივერსიებზე გამოძიება დასრულდა - გერმანიის შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა საბოტაჟში რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულეს. ერთობლივ ბრიფინგზე, ალექსანდრ დობრინდტმა და იოჰან ვადეფულმა განაცხადეს, რომ ქვეყანა კრემლის ჰიბრიდული ომის და დესტაბილიზაციის სამიზნეა. ოფიციალურმა ბერლინმა მოსკოვის წინააღმდეგ საპასუხო ზომები დააანონსა.

საერთაშორისო მედია ინციდენტების დეტალებს ასაჯაროებს. ობიექტზე, რომელიც NATO-ს ლოჯისტიკურ ჰაბს და უკრაინის სატვირთო ბაზას წარმოადგენს, ბოლო ერთ თვეში სამი უპილოტო აპარატი აღმოაჩინეს. პირველი, 800 გრამი "სემტექსით" აღჭურვილი დრონი, "ანტონოვის" თვითმფრინავთან იპოვეს; მეორე ერთ-ერთ ბორტს შეეჯახა; მესამე კი, ასაფრენი ბილიკის სიახლოვეს ნახეს, მასზეც ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა.

ბერლინს უკვე უპასუხა მოსკოვმა. რუსეთის საელჩომ გერმანიის ბრალდებებს "უსაფუძვლო, აბსურდული და ირაციონალური" უწოდა. ელჩმა განაცხადა, რომ ბერლინის მიერ მიღებული ზომები რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებში "უპრეცედენტო ესკალაციას" წარმოადგენს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააანონსა, რომ გერმანიის ქმედებებს მოსკოვი საპასუხო ზომებით უპასუხებს. ვლადიმირ პუტინმა კი გერმანიის გადაწყვეტილებას "მორიგი სერიოზული შეცდომა" უწოდა.

გერმანიას ღიად ემუქრება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

ბოლო 24 საათში გერმანიის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში კრიტიკულ ენერგო-ინფრასტრუქტურაზე ორი სავარაუდო დივერსია განხორციელდა. ბრანდენბურგში ელექტროქვესადგურს ასაფეთქებელი მოწყობილობები ესროლეს, რამაც მოკლე ჩართვა და ხაზების დაზიანება გამოიწვია. ბერგჰაიმში კი, კიდევ ერთი ქვესადგური გამოვიდა მწყობრიდან. სამართალდამცავები უცხო სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული საბოტაჟის ვერსიაზე მუშაობენ.

ბერლინმაც და მოსკოვმაც დიპლომატიური ბერკეტები აამოქმედეს. გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტებებისთვის რუსეთის ელჩი დაიბარა. საპასუხოდ, მოსკოვში გერმანიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გამოიძახეს. პროცესში ბრიუსელიც ჩაერთო - ევროკავშირის საგარეო უწყებაში რუსეთის მისიის ხელმძღვანელს ელოდებიან.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები