ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია "ალგებრა, ანალიზი და გამოყენებები" გაიხსნა. მასში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი სტუდენტები და მეცნიერები მონაწილეობენ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, როგორც ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის აფილირებული წევრი, პირველად მასპინძლობს კანადელ მათემატიკოსებს.
"კონფერენციის პარალელურად იმუშავებს რეგიონული საზაფხულო სკოლა სტუდენტებისათვის მათემატიკასა და ხელოვნურ ინტელექტში. ლექციებს ამ სკოლაში წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები. ეს კონფერენცია იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასში მონაწილეობას იღებს ფილდსის მედლის ლაურეატი, ბატონი ეფიმ ზელმანოვი“, - აცხადებს KIU-ს გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე მესხი.
აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, ეფიმ ზელმანოვის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქართული მათემატიკის მომავალია და საქართველოში მათემატიკის განვითარებაში შეტანილ წვლილს მიესალმება.
"ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აღმოვაჩინე საქართველო და ქართული მათემატიკური სამეცნიერო სკოლა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მომავალი ქართული მათემატიკისა. არასდროს აქამდე მათემატიკას არ ჰქონია ასეთი პირდაპირი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე, როგორც ახლა. მივესალმები, საქართველოში მათემატიკის განვითარებისთვის ჩადებულ ღვაწლს", - აცხადებს აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრი ეფიმ ზელმანოვი.