10 სექტემბერი 2026,   03:56
ვრცლად
ხელშეკრულება გაფორმებულია - ბათუმი-სარფის ახალი, 11.3-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა იწყება

ბათუმი-სარფის ახალი, 11.3-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა იწყება. პროექტის ფარგლებში, აშენდება სამი ხიდი, მათ შორის, დაახლოებით, 1.5 კილომეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელი. მოეწყობა საქართველოში სიგრძით მეორე - 7.6-კილომეტრამდე საავტომობილო გვირაბი. უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, დამატებით, აშენდება 500-მეტრიანი ზღვის ნაპირის დამცავი ნაგებობაც.

პროექტი, მასშტაბითა და საინჟინრო თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე რთულ საგზაო პროექტად ითვლება. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია "სი-არ-თი-ჯი" შეასრულებს, რომელსაც მსგავსი პროექტი არაერთ ქვეყანაში აქვს განხორციელებული. კომპანია უკვე მონაწილეობს ქვეშეთი-კობის მიმდინარე პროექტშიც, სადაც საქართველოში ყველაზე გრძელი, 9-კილომეტრიანი გვირაბი უკვე სრულად არის გაჭრილი.

ახალი, 2-ზოლიანი საავტომობილო გზა შეამცირებს როგორც მგზავრობის დროს, ისე მანძილს, გაზრდის გამტარუნარიანობას და გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს. მნიშვნელოვნად განიტვირთება აჭარის მჭიდროდ დასახლებული და საკურორტო ზონები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო და სატრანზიტო ნაკადი თურქეთის საზღვარს სრულიად ახალი მარშრუტით დაუკავშირდება.

ბათუმი-სარფის ახალი გზა საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალის დასავლეთ ნაწილის ბოლო, დასკვნითი მონაკვეთია. პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით აქტიური სამუშაოები დაახლოებით 24 კილომეტრზე გრძელდება. დამატებით, 80-კილომეტრიანი გზის მშენებლობის დასაწყებად შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. პროექტები გააუმჯობესებს ქვეყნის შიდა და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირებს და ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ზრდას.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი შუა დერეფნის ერთ-ერთი ძირითადი სატრანსპორტო არტერიაა. ჩქაროსნული მაგისტრალის სრულად განვითარება, წითელი ხიდიდან სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე, მგზავრობის დროს გაანახევრებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

ბათუმი-სარფის პროექტის ვადა სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 48 თვეა. თანამედროვე მაგისტრალი კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს როლს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანზიტო ჯაჭვში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

დღის ამბები