საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ თეოფილე III-ის მისალოც წერილს ავრცელებს:
"ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში: მცხეთიდან წმინდა ქალაქ იერუსალიმისაკენ
მაღალყოვლადუსამღვდელოესნო,
პატიოსანო მამებო
თქვენო აღმატებულებანო,
ქალბატონებო და ბატონებო,
"უკეთუ დაგივიწყო შენ იერუსალემ, დაივიწყენ მარჯვენეცა ჩემი, აექუნ ენა ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიხსენო შენ“ (ფსალმ. 136, 5-6). მეფსალმუნის ამ ღვთივსულიერი სიტყვებით, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში გამოხატავს მორწმუნის განუყოფელ კავშირს წმინდა ქალაქთან, დღევანდელი საიუბილეო თარიღის უფრო ღრმა არსსაც შეგვიძლია მივუახლოვდეთ.
საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის შესრულება არ წარმოადგენს არც მხოლოდ ისტორიული წარსულის გახსენების საბაბს და არც უბრალო მნიშვნელოვან ეტაპს ღვთისმოყვარე ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მსვლელობის გზაზე. იგი, პირველ ყოვლისა, არის სულიერი გახსენებისა და ღმერთისადმი მადლიერების შესაძლებლობა – ღმერთისადმი, რომელმაც თავისი მადლით ეს ხალხი ქრისტეში ჭეშმარიტების ნათელამდე მიიყვანა და, მრავალი და დიდი ისტორიული განსაცდელის მიუხედავად, სარწმუნოებაში დაიცვა.
მეოთხე საუკუნეში, წმინდა მოციქულთა სწორი ნინოს სამოციქულო მოღვაწეობით, მეფე მირიანის დღეებში, ძველმა იბერიამ სახარების ნათელი შეიწყნარა. და მაშინ უბრალოდ ერთი სამეფოს რელიგიური იერსახე კი არ შეიცვალა, არამედ საფუძველი ჩაეყარა სულიერ ტრადიციას, რომელსაც ღრმად უნდა განემსჭვალა ქართველი ხალხის ისტორია, კულტურა, ენა და თავად მისი თვითშეგნება.
ამრიგად, ამ ხალხისთვისაც აღსრულდა ესაიას წინასწარმეტყველური სიტყვა: "ერი, რომელი სხდა ბნელსა შინა, იხილა ნათელი დიდი" (ეს. 9,2). ამ ნათელმა ძალიან ადრე წარმართა ქართველთა ნაბიჯები წმინდა მიწისა და იერუსალიმისაკენ. და ეს არ არის შემთხვევითი. ვინაიდან ყოველი ქრისტიანული ტრადიცია, როდესაც ეძებს თავის სულიერ სათავეს, იერუსალიმს უბრუნდება.
სწორედ აქ მიიღო ღვთაებრივმა განგებულებამ თავისი უმაღლესი გამოხატულება. სწორედ აქ მისცა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ საკუთარი თავი "სოფლის ცხოვრებისა და გამოხსნისათვის." სწორედ აქ იქცა გოლგოთა მსხვერპლშეწირული სიყვარულის საყდრად, ხოლო ცარიელი საფლავი – აღდგომის იმედის წყაროდ. სწორედ აქ იშვა პირველი ეკლესია და სწორედ აქედან გავრცელდა მაცხონებელი ქადაგება ქვეყნიერების კიდეებამდე, უფლის სიტყვისამებრ: „და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“ (საქმე 1, 8 ).
მაგრამ ქართველი ხალხისთვის წმინდა ქალაქთან ეს კავშირი არ დარჩენილა თეორიული და არც მხოლოდ მომლოცველობითი ხასიათისა. მან ხორცი და ძვალი შეისხა. იგი იქცა ყოფიერებად. იქცა სამონასტრო ცხოვრებად. იქცა ლოცვად, განათლებად, მწერლობად და სულიერ შემოქმედებად.
ქართველი მონაზვნები, ასკეტები, სასულიერო პირები და მომლოცველები წმინდა მიწაზე ჯერ კიდევ ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან მოდიოდნენ. ისინი არ მოდიოდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ მოელოცათ და წასულიყვნენ. ისინი რჩებოდნენ წმინდა ადგილების სიახლოვეს, მოღვაწეობდნენ პალესტინის მონასტრებსა და უდაბნოებში, წერდნენ და თარგმნიდნენ წმინდა ტექსტებს და იერუსალიმის ეკლესიის ცოცხალი ტრადიციის ნაწილნი ხდებოდნენ.
ამ ადრეული კავშირის ერთ-ერთ ნიშანდობლივ დასტურს წარმოადგენს მეხუთე საუკუნეში პეტრე იბერის მყოფობა. მომდევნო საუკუნეებში ქართველთა მყოფობა წმინდა ადგილებში კიდევ უფრო ინტენსიური გახდა, იმდენად, რომ იერუსალიმი ქართველთათვის არა მხოლოდ თაყვანისცემის წმინდა ადგილად, არამედ მეორე სულიერ სამშობლოდაც იქცა
ამ მრავალსაუკუნოვან ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პატიოსანი ჯვრის მონასტერს.
ეს მონასტერი, რომელიც განუყოფლად დაუკავშირდა ქართულ სამონასტრო ტრადიციასა და ღირსი პროხორე იბერის სახეს, საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ლოცვისა და მოღვაწეობის ადგილს, მაგრამ, ამავე დროს, განათლებისა და სულიერი შემოქმედების ცენტრსაც.
იქ ლოცვა შეხვდა მწერლობას, ხოლო ასკეტიზმი – განათლებას. იქ ქართული ენა პატერიკული და ლიტურგიკული ტრადიციის გადაცემის იარაღად იქცა. იქ საქართველომ, თავისი გეოგრაფიული საზღვრებიდან შორს, იპოვა მშობლიური ადგილი წმინდა სიონის სიახლოვეს.
საბოლოო ჯამში, ქართველები იერუსალიმში მხოლოდ უბრალო მომლოცველებად არ ჩამოდიოდნენ.
ისინი წმინდა ქალაქის ისტორიის ნაწილად იქცნენ!
ისინი თაყვანს სცემდნენ შემაძრწუნებელ გოლგოთას. მუხლს იყრიდნენ ყოვლადწმინდა და სიცოცხლის მიმნიჭებელი საფლავის წინაშე. დადიოდნენ იმ ადგილებში, რომლებიც ღმერთკაცის მიწიერი ყოფნით იკურთხა. ცხოვრობდნენ პალესტინის მონასტრებში და სამშობლოში ჩაჰქონდათ არა მხოლოდ მომლოცველობის მოგონებები, არამედ იერუსალიმისეული გამოცდილება.
და მაშინ რაღაც უფრო ღრმა მოხდა:
სანამ საქართველო იერუსალიმისაკენ მიემართებოდა, იერუსალიმი სულიერად შემოვიდა საქართველოში!
წმინდა მიწის წმინდა გეოგრაფიამ თავისი გამოძახილი ქართულ მიწაზე პოვა. სიონი, ბეთანია, ბეთლემი, თაბორი, გეთსიმანია – გამოხსნის ისტორიასთან დაკავშირებული სახელები ქართულ საეკლესიო ტრადიციაში გადმოიტანეს, თითქოს საქართველოს ღვთისმოყვარე ხალხს სურდა, წმინდა ქალაქი მუდამ ახლოს ჰქონოდა.
საქართველომ თავისი სარწმუნოება მიიტანა იერუსალიმში და იერუსალიმმა საქართველოს სულიერი მეხსიერება აღბეჭდა.
სწორედ ამაში მდგომარეობს დღევანდელი საიუბილეო თარიღის უფრო ღრმა აზრიც.
1700 წელი არ არის მხოლოდ დროის ათვლა. ეს არის 1700 წელი სარწმუნოებისა, მოწმობისა, მსხვერპლშეწირვისა და იმედისა. ეს არის იმ ხალხის მოწმობა, რომელმაც, ისტორიის მრავალგვარი განსაცდელის მიუხედავად, შეინარჩუნა ქრისტიანული სარწმუნოება, როგორც ძვირფასი საგანძური და დაადასტურა მოციქულ პავლეს სიტყვა: „ღვაწლი კეთილი მომიღვაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს“ (II ტიმ. 4, 7).
და ამ გზაზე იერუსალიმი კვლავ რჩება მიმართულების მტკიცე წერტილად.
ვინაიდან იქ, ჯვრისა და ცარიელი სამარხის წინაშე, მართლმადიდებელი ხალხების სხვადასხვა ენა და ტრადიცია კი არ ყოფს მათ, არამედ ერთადერთი უფლის საერთო აღმსარებლობაში ხვდებიან ერთმანეთს.
იერუსალიმი გვახსენებს, რომ ეკლესია არ არის ეროვნული ისტორიების ერთობლიობა, არამედ ქრისტეს ერთი სხეულია: „ერთ ჴორც და ერთ სულ… ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლის-ღებაჲ“ (ეფეს. 4, 4-5).
და მოციქული პავლე მიწიერიდან მარადიული ქალაქისაკენ აღაპყრობს მზერას და ამბობს: „ზეცისა იგი იერუსალჱმი აზნაურ არს, რომელ არს დედაჲ ჩუენ ყოველთაჲ“ (გალ. 4, 26).
ამრიგად, დღეს, როდესაც საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილეს ვზეიმობთ, მზერას უბრალოდ დიდებული წარსულისაკენ კი არ მივაპყრობთ, არამედ ცოცხალ სულიერ კავშირს განვაახლებთ.
კავშირს, რომელიც მცხეთიდან წმინდა სიონამდე ვრცელდება, წმინდა ნინოს ჯვრიდან – გოლგოთის ჯვრამდე, საქართველოს მონასტრებიდან – წმინდა მიწის მონასტრებამდე, ქართული ხელნაწერებიდან – იმ ადგილებამდე, სადაც თვით განკაცებულმა სიტყვამ ჯვრითა და თავისი აღდგომით დაწერა ცხონების სახარება.
ეს მემკვიდრეობა მხოლოდ წარსულს არ ეკუთვნის. იგი მოწოდება და პასუხისმგებლობაა მომავლისთვის.
ვინაიდან ჭეშმარიტი პატივისცემა ჩვენი მამებისა და წინაპრებისადმი არ არის მხოლოდ მათი საქმეების ხსოვნა, არამედ მათი ანდერძის გაგრძელება – სარწმუნოების დაცვა, საეკლესიო ერთობის განმტკიცება და მომავალი თაობებისთვის სახარების ცოცხალი გამოცდილების გადაცემა.
ამრიგად, მცხეთიდან წმინდა სიონამდე და საქართველოდან წმინდა საფლავამდე ჩვიდმეტსაუკუნოვანი სულიერი გზაა –
გზა სარწმუნოებისა და მოწმობისა,
გზა ჯვრისა და აღდგომისა!
და ამ გზაზე უცვლელი რჩება მეფსალმუნის სიტყვა:
„ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ. და დადგომილ იყვნეს ფერჴნი ჩემნი ეზოთა შენთა, იერუსალჱმ“ (ფსალმ. 121, 1-2).
დაე, გოლგოთაზე ჯვარცმულმა და ყოვლადწმინდა და სიცოცხლის მიმნიჭებელი საფლავიდან აღმდგარმა უფალმა დაიცვას ღვთისმოყვარე ქართველი ხალხი, განამტკიცოს იგი მამაპაპისეულ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში და ცოცხლად და ნაყოფიერად შეინარჩუნოს მისი წმინდა კავშირი წმინდა ქალაქ იერუსალიმთან, რათა ამ საერთო მემკვიდრეობამ განაგრძოს მომავალი თაობებისათვის იმის დამოწმება, რომ საუკუნეებსა და ისტორიის ცვალებადობას მიღმა „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“ (ებრ. 13, 8 ).
და რომ იერუსალიმიდან ქვეყნიერების კიდეებამდე ერთია იმედი, ერთია სარწმუნოება და ერთია ეკლესიის აღმსარებლობა.
ქრისტე აღდგა მკვდრეთით!" - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.