„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონისთვის“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც ბათუმმა 7-8 სექტემბერს უმასპინძლა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნული პროექტი მჭიდროდ უკავშირდება რეგიონულ სატრანსპორტო შესაძლებლობებსა და შუა დერეფნის მზარდ როლს.
„შუა დერეფანი უკვე აღარ არის ალტერნატივა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიც ამას ცხადყოფს, რომ დამატებითი ალტერნატიული მარშრუტები უკვე ძირითად მარშრუტებად გარდაიქმნება. ამ კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა. ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ თანხვედრაში ვიყოთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელსაც ვახორციელებთ, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში. ამ მიმართულებით პარტნიორობა და თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია და ამ კუთხით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე საუბრისას თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ პროექტის განვითარება ახალ ეტაპზე გადავიდა და მისი განხორციელების ფორმატი არსებითად შეიცვალა.
„ზოგადად, ძალიან გაზრდილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი. შესაბამისად, შეიცვალა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების მოდელი, ჩვენ გადავედით ე.წ. „ლენდლორდ“ მოდელზე, რომელიც გულისხმობს შემდეგს: სახელმწიფო რჩება ნავსადგურის მესაკუთრედ, ავითარებს აღნიშნულ ნავსადგურს, აშენებს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო ინვესტორები უკვე შემოდიან მას შემდეგ, რაც ტერმინალების ოპერირებაზე მიდის საუბარი. ანუ ტერმინალების ოპერატორებად იქნება წარმოდგენილი კერძო სექტორი, რომელიც ტვირთების მიხედვით შეძლებს ტერმინალების ოპერირებას. მნიშვნელოვანია სამი კომპონენტი - როგორც ტვირთების მოზიდვა, ასევე ინვესტიციების მოზიდვა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი გამოცდილების ქონა მსგავსი ტიპის ტერმინალების ოპერირების კონტექსტში“ - განმარტა იოსელიანმა