ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივას, დონალდ ტრამპი მტრულ აქტად მიიჩნევს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირთან კანადის სავაჭრო ასოცირების გეგმა სასაცილოა. ოფიციალური ვაშინგტონი ოტავასა და ბრიუსელს, დიალოგის გაღრმავების შემთხვევაში, ვაჭრობის შეჩერებით და ტარიფების დაწესებით ემუქრება.
ვაშინგტონის რეაქცია ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას მოჰყვა. ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას ევროკომისიის პრეზიდენტმა კანადას ასოცირებული წევრის სტატუსი შესთავაზა ფორმატი, რომელსაც ევროკავშირის სამართლებრივი ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს.
მედიის შეკითხვებს დღეს კანადის პრემიერ-მინისტრმაც უპასუხა. მარკ კარნიმ აღნიშნა, რომ კანადა ევროკავშირში გაწევრიანებას არ გეგმავს, ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება კი ოტავას ვაშინგტონისთვის უფრო ეფექტურ მოკავშირედ აქცევს. უკვე ცნობილია, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობის ძირითადი სფეროები ენერგეტიკა, ტექნოლოგიები, მრეწველობა და თავდაცვა იქნება.
კანადისა და ევროკავშირის დაახლოება ოტავასა და ვაშინგტონს შორის არსებული სავაჭრო დავის ფონზე მიმდინარეობს. ტრამპის ადმინისტრაცია და მარკ კარნის კაბინეტი ერთმანეთს სხვადასხვა პროდუქტზე ტარიფებს ერთმანეთის მიყოლებით უწესებენ. ამ ფონზე, ამერიკელი სენატორების ნაწილი აცხადებს, რომ ოტავასა და ბრიუსელს შორის კავშირების გაღრმავებამ შესაძლოა კანადასა და აშშ-ს შორის არსებული სავაჭრო დავა კიდევ უფრო გაართულოს.
კანადასთან თანამშრომლობის სამართლებრივ ასპექტებზე ევროპარლამენტარებიც საუბრობენ. კანონმდებლების ნაწილი აცხადებს, რომ არსებული წესებით, ევროკავშირის წევრობა მხოლოდ გეოგრაფიულად ევროპული სახელმწიფოებისთვის არის გათვალისწინებული. კანადა კი ევროპაში არ მდებარეობს.
პოლიტიკური განცხადებების შემდეგ ვაშინგტონმა კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც სახელმწიფო ტენდერებში კანადური საქონლის შეძენას კრძალავს. თეთრი სახლის განმარტებით, გადაწყვეტილება კანადის მიერ ამერიკული კომპანიებისთვის სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე ახალი ბარიერების დაწესებას მოჰყვა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.