დილის ექვსი საათი იყო, როდესაც იპოდრომის ტერიტორიაზე ნიგერიის მოქალაქე პოლიციამ გადაამოწმა. "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებს ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ 25 წლის მამაკაცი ე.წ. დამდები იყო.
ოპერატიული ინფორმაცია დადასტურდა და ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები კიდევ ერთი ნარკოდანაშაულის კვალზე გავიდნენ. ნიგერიის მოქალაქე შეამოწმეს და მისგან 68 შეკვრა "ალფა-პვპ" ამოიღეს. მას ადგილზევე დაადეს ხელბორკილები.
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებამდე ნიგერიის მოქალაქემ მოასწრო და იქვე ახლოს, ტყეში ორი შეკვრა "ალფა-პვპ" დადო, მონიშნულ ადგილს ფოტო გადაუღო და მყიდველს გადაუგზავნა. გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი სამალავიდან სამართალდამცველებმა მტკიცებულების სახით ამოიღეს. ადვოკატის ინფორმაციით, ნიგერიის მოქალაქემ დანაშაული აღიარა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებებს ყოველდღიურად ატარებს. სამართალდამცველებმა ბოლო დღეებში არაერთი რეალიზატორი დააკავეს და ნარკოტიკის გავრცელების ფაქტი აღკვეთეს. ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების, მათ შორის ე.წ. მკვლელი ნარკოტიკული საშუალებები.
ნარკოდანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.