17 სექტემბერი 2026,   22:41
ვრცლად
უხვი მოსავალი და მევენახეების მხარდაჭერა სუბსიდირების პროგრამით - კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია

მობილიზებული ღვინის კომპანიები, სპეციალური შტაბი და სუბსიდირების პროგრამა - კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. დედოფლისწყაროს, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში უკვე 12 000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დარგობრივმა უწყებამ კომპლექსური სამუშაოები უკვე ჩაატარა და მიმდინარე სეზონზე რთველი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული.

წელს კახეთში უხვ მოსავალს ელოდებიან. საპროგნოზო მაჩვენებელი 300 000 ტონას სცდება. მთავარი აქცენტი ხარისხზე კეთდება. მევენახეები ცდილობენ, ყურძენი შესაბამის სიმწიფემდე მიიყვანონ, რადგან ეს მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. იკრიფება საფერავი, რქაწითელი - სხვადასხვა ჯიშის ყურძნის გადამუშავებაში უკვე ათობით ღვინის კომპანიაა ჩართული. მიმდინარე სეზონზე მოსავლის მისაღებად მზადყოფნა 200-ზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა - საწარმოები პროცესში ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად ერთვებიან.

მოსავლის დაბინავების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება გამჭვირვალობას ეთმობა. ყურძნის ჩაბარებისას გამოიყენება ელექტრონული სასწორები და შაქრიანობის განმსაზღვრელი თანამედროვე მოწყობილობები. მევენახეებს ყურძნის ხარისხის შეფასების პროცესისთვის თვალყურის მიდევნება ადგილზე შეუძლიათ.

რთვლის შეუფერხებლად და თანმიმდევრულად ჩატარების მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს სპეციალური შტაბი. მონიტორინგი მიმდინარეობს როგორც დისტანციურად, ისე ადგილზე. პროცესის კონტროლისთვის მაღალი გარჩევადობის სამეთვალყურეო კამერებიც გამოიყენება.

საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. თუმცა პოტენციალი კიდევ უფრო მეტია. ქართული ბრენდების პოზიციების გასამყარებლად და გაყიდვების ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქცენტს ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე აკეთებს. ამ მიმართულებით ტარდება საინფორმაციო შეხვედრები მევენახეებთან და ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.

მთავრობის გადაწყვეტილებით, გრძელდება სუბსიდირების პროგრამაც. ჭარბი მოსავლის შემთხვევაშიც მევენახეები მოსავლის სრულად დაბინავებას შეძლებენ. მოსავლის მართვის კომპანია ყურძენს დიფერენცირებული ტარიფებით ჩაიბარებს. უახლოეს დღეებში რთველი ეტაპობრივად მეზობელ მუნიციპალიტეტებში გადაინაცვლებს.

ავტორი: ირაკლი კოშაძე.

დღის ამბები