უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მოსკოვს გასაფრთხილებელი გზავნილი გაუგზავნა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები სიცივეების დადგომამდე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდებიან, უკრაინა საპასუხო დარტყმებს მიაყენებს და რუსეთისთვის მომავალ ზამთარს "ძალზე მტკივნეულს" გახდის, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინა და მისი მოკავშირეები ზამთრის დადგომამდე ცდილობენ, მიაღწიონ შეზღუდულ შეთანხმებებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და შავი ზღვის ნაოსნობაზე. კიევს ეშინია ელექტროენერგიისა და გათბობის ობიექტებზე რუსული დარტყმების განახლების, იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი ომის დასასრულებლად ფართო მოლაპარაკებების მიმართ კვლავ მცირე ინტერესს გამოხატავს.
"უკრაინას ესმის, რომ ეს ზამთარი ჩვენთვის შესაძლოა ძალიან მკაცრი იყოს. თუმცა, საპასუხოდ სხვა გზა არ გვექნება, გარდა იმისა, რომ ეს რუსეთისთვისაც მტკივნეული გავხადოთ", - განაცხადა ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს რაკეტების ფიქსირებულად დიდი არსენალი აქვს, უკრაინამ შეიმუშავა და გამოიყენა ათასობით შორი მოქმედების დრონი რუსული საწყობების, საპორტო ინფრასტრუქტურისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დასაბომბად.
„სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ზამთრამდე დეესკალაციის ნაბიჯებია საჭირო“, - აღნიშნა ზელენსკიმ და მოუწოდა უფრო აქტიური დიპლომატიისკენ, ხოლო ყურადღება გაამახვილა იმ პოტენციურ გავლენებზე, რომლებიც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შესაძლოა ჰქონდეს ვლადიმერ პუტინზე.
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, დღეს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართავს მოლაპარაკებებს. ტრამპს ზელენსკი სამშაბათს შეხვდა და ენერგეტიკულ სამიზნეებზე ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილა.
თავის მხრივ, რუსეთის გასარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან გამართა მოლაპარაკებები. შეხვედრის შემდეგ რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინასაც და რუსეთსაც აქვთ ინტერესი მარცვლეულისა და ენერგეტიკული სამიზნეების ირგვლივ შეზღუდული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიმართ.
თუმცა, რუსულ პოზიციებში რაიმე ცვლილების ნიშნები ჯერ არ ჩანს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, შეხვედრაზე მან „კვლავ დაადასტურა თავისი უპირობო ერთგულება სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევისადმი“.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ლავროვმა მიანიშნა, რომ მოსკოვი საომარი მოქმედებების რაიმე სახის დროებით შეწყვეტას არ დაუშვებს.
თავის გამოსვლაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინის როლი მკაცრად გააკრიტიკა და მას ირონიულად „ნულოვანი პაციენტი“ უწოდა.
გარდა ამისა, გაეროს ფარგლებში გამართულ „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზადაა შავ ზღვაში საზღვაო ზავისთვის, ეგვიპტის, ინდოეთისა და თურქეთის მიერ შეთავაზებული წინადადებების საფუძველზე.
„ჩვენ რუსეთის პასუხს ველით. უკრაინა მზადაა... უზრუნველყოს უსაფრთხო ნაოსნობა და სურსათის უსაფრთხოება შავ ზღვაში, თუ რუსეთიც მზადაა დეესკალაციისკენ რეალური ნაბიჯები გადადგას. სადღაც უნდა დავიწყოთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.