გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, მათი სტუდენტის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მე-3 კურსის სტუდენტს პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა განვმარტოთ, რომ დღეს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, მოხდა ინციდენტი - შედეგად დაზარალდა ჩვენი მე-3 კურსის სტუდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
რამდენადაც ცნობილი გახდა, ინციდენტი დაიწყო კვების ერთ-ერთ ობიექტთან და გადაინაცვლა უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე, რის გამოც, დაცვის თანამშრომლის სწრაფი რეაგირება შეიზღუდა. თუმცა, უნივერსიტეტის სამედიცინო პერსონალისა და დაცვის თანამშრომლის სწრაფი მოქმედებით, დაშავებულს აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება. შემდეგ კი, სასწრაფოს ეკიპაჟმა მალევე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი აღჭურვილია ვიდეო-თვალთვალის სისტემით, რაც ინციდენტის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.
უნივერსიტეტის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სტუდენტს და ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას", - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიემ საათის წინ დაჭრეს. როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.